საქართველოს პარლამენტმა 15 აპრილს 85 ხმით, ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს უკრაინელი სამხედრო პილოტის და დეპუტატის ნადია სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ნადია სავჩენკო, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიცაა და მას საპარლამენტო იმუნიტეტი იცავს, რუსეთის ციხეში 2014 წლიდან იმყოფება მას შემდეგ, რაც, როგორც პარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი, „ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის დაუდასტურებელი ბრალდებით“ მისი „უკანონო გადაყვანა“ მოხდა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ტერიტორიაზე; მას რუსულმა სასამართლომ 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს პარლამენტი რეზოლუციაში აღნიშნავს ამ „უკანონო სასჯელისადმი პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხეს“; ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთ მოწოდებას სავჩენკოს გათავისუფლებისკენ; მიუთითებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება დააკავოს და გაასამართლოს უკრაინის მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის; ასევე ახსენებს 2015 წლის თებერვლის მინსკის შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დროს დაკავებული ყველა მძევლის გაცვლის შესახებ და ასევე „ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკანონოდ დაკავებული სხვა უკრაინელი მოქალაქეების საქმეებს“.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქალბატონი ნადია სავჩენკო და უკანონოდ დაკავებული სხვა უკრაინელი მოქალაქეები ან ისინი უკრაინას გადასცეს“ და ასევე „არ დაუშვას ქალბატონი ნადია სავჩენკოს და სხვა უკანონოდ დაკავებული, მძევლად ქცეული უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“.
რეზოლუცია პარლამენტმა ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების ინიციატივით მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)