Site icon Civil.ge

პრემიერ–მინისტრი არჩევნებზე, პარტია ქართული ოცნების განახლების, ივანიშვილის და რუსეთის შესახებ

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამორიცხა, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს რაიმე სახის კოალიცია ჰქონდეს საქართველოს პატრიოტთა ალიანთან ან ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობასთან.

პარტია ქართული ოცნების მომავალმა თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა პარასკევს საღამოს ათი ტელევიზიის პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს არც ახლა მოხდება, არც მომდევნო პარლამენტში, რომელიც ოქტომბერში აირჩევა.

მან ეს კომენტარი იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 2013 წელს გაკეთებული განცხადების კონტექსტში დაისვა, რომელიც, კითხვის ავტორის თქმით, სიმპათიას გამოხატავდა „პრორუსული ძალების“, კერძოდ კი პატრიოტთა ალიანსის და დემოკრატიული მოძრაობის მიმართ.  აპრილის დასაწყისში ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პარტია ქართული ოცნება მზად არის ითანამშრომლოს „ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან“, მათ შორის ამ ორ პარტიასთანაც, თუ მათ მომავალ არჩევნებზე ამომრჩეველი აირჩევს. 

„რაც შეეხება რაიმე ტიპის კოალიციას ან სტრატეგიულ თანამშრომლობას – მე დარწმუნებული ვარ, რომ მასაც [ივანიშვილს] იგივე აზრი გააჩნია, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც ახლა და ვერც მომავალ პარლამენტში ვერც პატრიოტთა ალიანსთან და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ორსაათიანი სატელევიზიო შეხვედრის დროს. 

„ეს შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ სხვადასხვანაირი მოლოდენი გავაქარწყლო“, – დასძინა მან.

‘ივანიშვილის ფაქტორი’

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც, უკანასკნელი კვლევის თანახმად,  როგორც რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, კვლავ წამყვანი როლი აკისრია გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვის ფიგურანტი იყო.

კითხვაზე მიაჩნია, თუ არა, რომ მისი ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებაა, კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკვე არის დამოუკიდებელი და ამის დამტკიცება არ სჭირდება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ დავამტკიცო, რომ მე დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები, მე ვფიქრობ, რომ მე ამის დამტკიცება არ მჭირდება. მე ვფიქრობ, რომ გამოწვევები გაცილებით უფრო სერიოზული გვაქვს ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

„ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის“, – განაგრძო მან, „მასთან ძალიან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა მაქვს. ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება ყველაზე კარგად ალბათ ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და მე ვფიქრობ, რომ კიდევ არა ერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. რაც შეეხება ჩემს მასთან ურთიერთობას, ყოველთვის მქონდა მასთან ძალიან გულწრფელი, ღია ურთიერთობა, არასოდეს არ ვერიდებოდი მასთან დებატებს, არაერთ საკითხზე მქონია ძალიან მწვავე კამათი და ეს, ვფიქრობ, რომ მისი მხრიდანაც არ ყოფილა უარყოფითად მიღებული“.

„ის, რომ მან გამოიჩინა ინიციატივა, და ამაშიც დასამალი არაფერი არ არის, რომ მისი ინიციატივა იყო, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი, მე ამაზე არ ვაპირებ, რომ ტყუილები ვილაპარაკო, ეს იყო მათ შორის იმის შედეგადაც, რომ მე არასოდეს არ დამიმალავს მასთან ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში“, – დასძინა მან.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასარგებლო ურთიერთობა. რაც შეეხება მის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება – ის გახლავთ ქართული ოცნების დამფუძნებელი, მას აქვს იმის მორალური უფლება, რომ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას, მხარდაჭერა გამოხატოს და ამას მას ვერავინ ვერ აუკრძალავს. ამაში მე ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, რას გააკეთებს, თუ ივანიშვილი ეტყვის, რომ გადადგეს, კვირიკაშვილმა უპასუხა: „არ გაგცემთ პასუხს ამ კითხვაზე იმიტომ, რომ ასეთი რამ გამორიცხულია, პირდაპირი გეუბნებით“.  

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს განახლება 
 
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რომელიც კვირიკაშვილს თავმჯდომარედ 14 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევს, მნიშვნელოვნად განახლდება და მის რიგებში „თანამედროვე, მომავალზე ორიენტირებული პროფესიონალები“ შევლენ.

„ქართული ოცნების გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარებს. უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არა ერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ უკვე შემდგომ ქვეყნის რეფორმირების და სწრაფი განვითარების პროცესებში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ეს იქნება ახალი გუნდი, ახალი ამოცანებით, ახალი დღის წესრიგით“, – განაცხადა მან, „მთავარი კრიტერიუმები, რომლებიც იქნება ახალი გუნდის წევრებისთვის დამახასიათებელი, ეს იქნება გულწრფელობა ჩვენს თანამოქალაქეებთან მიმართებაში, გახსნილობა და პროფესიონალიზმი“.  

მისი თქმით, 8 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები „ერთ–ერთი საუკეთესო არჩევნები“ იქნება.

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კოალიცია ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ მისმა სუბიექტებმა დამოუკიდებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მომავალ არჩევნებს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის.

მისი თქმით, „ჯანსაღი ამბიცია“ გააჩნია იმისთვის, რომ „მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველო ძალიან მნიშვნელოვნად შევცვალო დადებითი კუთხით,  ქვეყანაში დავასრულოთ კონფრონტაცია,  სიძულვილის განცდა ადამიანებს შორის და ძალიან სწრაფი განვითარების მიმართულებით გადავდგა ბევრი ნაბიჯი“.

„ის განცდაც გამაჩნია, რომ ნაბიჯები ამ მიმართულებით ყოველთვის არ არის პოპულარული და მე, იმის გამო, რომ იმ 4 წლის იქით დავრჩე ხელისუფლებაში, არცერთ  კომპრომისს არ გავაკეთებ“, – განაცხადა მან.  

პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა კონფრონტაციული რეჟიმის და პიროვნული შეურაცხყოფების დასრულების საჭიროებაზე პოლიტიკაში. მისი თქმით, „სამწუხაროდ“ მისი მოწოდებები არაკონფრონტაციული და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაიზიარა.

“ჩვენ უნდა დავასრულოთ პიროვნული შეურაცხყოფები – რამდენად ევროპელებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ კავკასიელები. ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა არის მომაკვდინებელი… დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს უბედურება და ისე წავიდეთ წინ, რომ არ ვლანძღოთ ერთმანეთი. გავავლოთ მკაფიო ხაზები ოპონირებასა და შეურაცხყოფას შორის”, – განაცხადა მან.

‘ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს’

პრემიერ–მინისტრის თქმით, მართალია არ არის პროგრესი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების „ოკუპაციის“ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ მთავრობამ მიაღწია „წარმატებას“ დაძაბულობის შემცირების კუთხით, რაც  ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ტემპერატურის დაწევა “, – განაცხადა მან, „ოკუპაციის პრობლემა რჩება ძალიან მწვავე და მძიმე გამოწვევად ჩვენთვის, მიუხედავად ამისა ჩვენ შევძელით დიალოგის ფორმატების მეშვეობით [ჟენევის დისკუსიები; აბაშიძე–კარასინის ფორმატი] მიგვეღწია შედეგებისთვის“.

„დღეს ჩვენ გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რაც იძლევა საშუალებას ქვეყნის უფრო სწრაფი დინამიური განვითარების. ეს არ მომხდარა არც ერთი მცირე კომპრომისის ხარჯზეც კი ჩვენი დასავლური განვითარების ორიენტირების. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია – ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაკვეთა და არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ამ დაკვეთას გადაუხვიოს“, – განაცხადა მან.

„მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატზე გავკიოდეთ იმაზე, რომ ჩვენ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი, სნაიპერებს დამიზნებული ყავთ საქართველოს ავტობანზე მომავალი ტრაილერები და ა.შ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ განვავითაროთ ეკონომიკა, მოვიზიდოთ ინვესტიციები… იმ პირობებში, რომ მუდმივად გავკიოდეთ იმაზე, რომ სამხედრო ბაზები გვაქვს ტერიტორიაზე, გვიშველეთ და გადაგვარჩინეთ? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამენაირად უნდა შევასუსტოთ ჩვენი ყურადღება იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეს პრობლემა მეორეხარისხოვანი გავხადოთ … მაგრამ ეს არის ტაქტიკის საკითხი, როგორ მივიტანთ ამ პრობლემას ჩვენს პარნტიორებამდე, როგორ დავაბალანსებთ ჩვენს გზავნილებს ისე, რომ ერთის მხრივ, ჩვენი საკითხი დავტოვოთ ჩვენი პარნტიორების დღის წესრიგში, მეორე მხრივ, შევქმნათ იმდენი სტაბილურობის განცდა, რომელიც საჭიროა საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად. ამ ამოცანას ჩვენ ძალიან წარმატებით გავართვით თავი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ჩვენ არ გვაქვს სახარბიელო დინამიკა ოკუპაციის საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით – კეთდება განცხადებები რეფერენდუმებზე რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა  უნდა,  არის საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგო“, – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს“ და დასძინა, რომ „არაგონივრული“ იქნება დიალოგის არქონა რუსეთთან არსებული პრობლემების მოგვარების თაობაზე.

სასამართლო სისტემა – ‘თავის ტკივილი’ 

როდესაც ჟურნალისტმა უთხრა პრემიერს, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო სისტემაში რამე შეცვალოს, და ამასთან დაკავშირებით მოსამართლეების სადავო დანიშვნის საკითხი ახსენა, კვირიკაშვილმა უპასუხა: „რეფორმები ბოლომდე მიყვანილი არ არის, არც პროკურატურის რეფორმაა ბოლომდე მიყვანილი, არც სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა და მით უმეტეს, არ არის ბოლომდე მიყვანილი სასამართლო რეფორმა. სასამართლოს რაც შეეხება, ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, არ დაგიმალავთ“.

„განცდა, რომელიც სასამართლოს შემთხვევაში არის და რომელიც საზოგადოებაში არის, მეც მაქვს. მეც გამაჩნია განცდა, რომ ამ მიმართულებით რაღაც არის შესაცვლელი“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ არ ჰქონია „საკმარისი დრო“, რომ საკითხის კონკრეტული დეტალები შეესწავლა. მან სასამართლო სისტემის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა დააანონსა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები

პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მათი გავრცელების „ერთდაერთი მიზანი“ იყო, რომ მთავრობის „დადებითი, პოზიტიური დღის წესრიგი შეცვალონ და ყურადღება გადაიტანონ ისეთ რაღაცეებზე, რაც არის ამაზრზენი“.

მისი თქმით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს იმ პირების გამოსავლენად და სამართალში მისაცემად, ვინც გააკეთა ეს ჩანაწერები და ვინც მათი გავრცელების უკან დგას.

კვირიკაშვილმა ასევე პირობას დადო, რომ „ასეთ საჯარო ჩვენებას თქვენ ვეღარ ნახავთ იმ პირობებში, როდესაც მე გახლავართ პრემიერ–მინისტრი“.