საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ეს ფოტო, სადაც მისი თქმით, ასახულია თბილისში ამოღებული ურან 238–ის შემცველი კონტეინერი, რომელსაც რუსული წარწერა და გამაფრთხილებელი ნიშანი აქვს.
ექვსი პირი, მათ შორის სამი საქართველოს და სამი სომხეთის მოქალაქე დააკავეს ურანის (U 238) გასხვისების ფაქტზე, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორშაბათს.
„აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დასძინა, რომ 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკონკრეტა ურანის ოდენობა, რომელიც ერთ–ერთი დაკავებულის სახლიდან ამოღებულ კონტეინერში ინახებოდა. უსაფრთხოების სამსახურმა ასევე უარი თქვა საქმის სხვა დეტალებზე ინფორმაციის გამჟღავნებისგან.
სამსახურის ინფორმაციით, მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი განაგრძობს გამოძიებას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230–ე მუხლით მიმდინარეობს ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე.
იანვარში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სამი პირის დაკავების თაობაზე, რომელთაც რადიოაქტიური ნივთიერების ცეზიუმ–137 გაყიდვის მცდელობაში ედებოდათ ბრალი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)