Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2016 წლის პირველ კვარტალში

„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 7%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2.14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.5%–ით შემცირდა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1.26 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წლის პირველ სამ თვეში ექსპორტის მოცულობა 11.9%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 442.81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

იმპორტის მოცულობა 5.1%–ით შემცირდა და 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თუმცა, იმპორტის რეალური კლება უფრო მეტიც იყო და დაახლოებით 16.7% შეადგინა, თუ გამოვაკლებთ C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერად იმპორტს, რომლის ღირებულებამაც პირველ კვარტალში დაახლოებით 208 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ამ ერთჯერადი იმპორტის ღირებულების გამოკლების შედეგად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი პირველ კვარტალში 18.5%–ით შემცირდა და 1.05 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2016 წლის პირველ კვარტალში 11%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 712 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ეს ზრდა განაპირობა მედიკამენტების ერთჯერადმა იმპორტმა ირლანდიიდან და მისი გამოკლების შედეგად რეალურმა სავაჭრო ბრუნვამ 503.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.9%–იანი კლებაა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ერთჯერადი იმპორტის გამოკლებით, ევროკავშირიდან იმპორტი 15.8%–ით შემცირდა და 392.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2016 წლის პირველ კვარტალში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტმა ევროკავშირში 111 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.7%–იანი კლებაა და რაც პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 25%–ს შეადგენს.

დსთ–სთან ვაჭრობა 2016 წლის პირველ კვარტალში 15%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 574 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 26%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 129 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 29%–ს შეადგენს. იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 11%–ით შემცირდა და 445 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 26%–ს შეადგენს.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის პირველ კვარტალში 341.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%–იანი კლებაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.  ექსპორტი თურქეთში 22.6%–ით შემცირდა და 49.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო იმპორტი 8.8%–ით შემცირდა და 291.8  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მედიკამენტების ერთჯერადმა იმპორტმა ირლანდია საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად აქცია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 209.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა ამ ერთჯერადი იმპორტის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თურქეთის შემდეგ მოდის რუსეთი, რომელთაც სავაჭრო ბრუნვამაც 2016 წლის პირველ კვარტალში 185 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.7%–იანი ზრდაა.

საქართველოს ექსპორტი რუსეთში 41.5%–ით გაიზარდა და 38.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.5%–ით გაიზარდა და 146.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთის შემდეგ მოდის ჩინეთი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 168.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2016 წლის პირველ კვარტლში, რაც 12.1%–იანი კლებაა.

საქართველოს ექსპორტმა ჩინეთში გაორმაგებულ მაჩვენებელს გადააჭარბა და 49.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის 2.5–ჯერადი ზრდის ხარჯზე, რამაც 46.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.  იმპორტი ჩინეთიდან 29.3%–ით შემცირდა და 119 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ჩინეთის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი160 მილიონი აშშ დოლარით, რომელთან სავაჭრო ბრუნვაც 25.2%–ით არის შემცირებული. 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 3.5–ჯერ შემცირდა და 17.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი აზერბაიჯანიდან 5.5%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 142.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 84.1 მლნ აშშ დოლარით (37.7%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); შემდეგ მოდის ავტომობილების რეექსპორტი– 37.6 მლნ აშშ დოლარით (34.8%–იანი კლება); თხილი – 33 მლნ აშშ დოლარი (36.1%–იანი კლება); ფეროშენადნობი – 26.79 მლნ აშშ დოლარი (44.4%–იანი კლება); აზოტოვანი სასუქები – 23.2 მლნ აშშ დოლარი (3.2%–იანი კლება); მინერალური წყლები – 19.3 მლნ აშშ დოლარი (14.6%–იანი კლება); ღვინო – 19.2 მლნ აშშ დოლარი (23.7%–იანი კლება); სამკურნალო საშუალებები – 19 მლნ აშშ დოლარი (24.5%–იანი ზრდა); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული – 17.7 მლნ აშშ დოლარი (40%–იანი ზრდა); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 17.1 მლნ აშშ დოლარი (74.7%–იანი ზრდა).

C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერადი იმპორტის ხარჯზე 2016 წლის პირველ კვარტალში სამკურნალო საშუალებების ჯგუფი საქართველოს იმპორტის სიის სათავეში მოექცა 259.5 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ნახშირწყალბადები – 124.2 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 99.3 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 93.2 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 78.5 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 26.7 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 20.5 მლნ აშშ დოლარი; მილები და მილაკები შავი ლითონებისაგან – 18.1 მლნ აშშ დოლარი; ძრავები და გენერატორები ელექტრული – 17.1 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 14.7 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)