Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების ფონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა იმ ფონზე, როდესაც ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციას განაგრძობს.

ეს ეროვნული ბანკის უკვე მეოთხე ინტერვენციაა შესყიდვის მხრივ. 17 მარტიდან 20 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული ოთხი ინტერვენციის დროს ეროვნულმა ბანკმა სულ 35 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

ოთხშაბათს შუადღისთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.234–ს შეადგენდა, რაც 6.7%–იანი გამყარებაა წლის დასაწყისიდან და 1%–იანი გამყარება 2015 წლის აპრილთან შედარებით.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, დაახლოებით 1.75–ის ნიშნულიდან 2.4985 ნიშნულამდე 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის.

ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა იანვარში სამი ინტერვენცია განახორციელა და საერთო ჯამში 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 2015 წლის მანძილზე ლარის მხარდასაჭერად განხორციელებული ცხრა ინტერვენციის შედეგად 286.96 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

2016 წლის მარტის ბოლოს მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 2.456 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა,  წინა თვეს არსებული 2.425 მილიარდი აშშ დოლარის და დაახლოებით ერთი წლით ადრე არსებული 2.452 მილიარდი დოლარის ნაცვლად.