საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პარიზს სტუმრობს, თავის ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს 21 აპრილს შეხვდა.
"მე ვნახე საქართველოს ტრადიციულად ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც სტაბილურად უჭერს მხარს საქართველოს, საქართველოს ინტერესებს და ამ შეხვედრის მერე, მე კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვარ იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აცხადებდა, რომ "ძალიან ფართო თემატიკა" იყო ფრანგულ მხარესთან განსახილველი.
„ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობვთ უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, საფრანგეთი სერიოზულ დახმარებას გვიწევს ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA [ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება] იმპლემენტაციაში. ყველა ეს თემები იქნება განხილული. რაც შეეხება მრავალმხრივ ფორმატს, აქ არის ევროპული და ევრო–ატლანტიკული ინტეგრაციის თემები, რომელზედაც ძალიან მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება“, – განაცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს პარიზში.
ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ასევე შეხვდება საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს ჟერარდ ლარშერს.
20 აპრილს მარგველაშვილი უკვე შეხვდა იუნესკოს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „ღრმა შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განათლების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით“. საუბარია იმ პოლიტიკაზე, რომელიც, თბილისის თქმით, გალის რაიონში მდებარე ქართულ სკოლებში ქართული სასწავლო პროგრამის ეტაპობრივად რუსული სასწავლო პროგრამით ჩანაცვლებისკენაა მიმართული.
იუნესკოს ინფორმაციით, განხილულ იქნა საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების არსებული სტატუსი, კერძოდ მცხეთის ისტორიული მონუმენტების, და ასევე ბაგრატის საკათედრო ტაძრის და გელათის მონასტრის საკითხი, რომლებიც ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შედიან. ამ ძეგლების საკითხს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი თავის მე–40 სესიაზე განიხილავს, რომელიც სტამბოლში წელს მოგვიანებით იგეგმება.