Site icon Civil.ge

აშშ–ის ელჩი ნატოში „მომდევნო რამდენიმე წელიწადში ან უფრო მეტხანსაც“ ალიანსის გაფართოების შესაძლებლობას ვერ ხედავს

ნატოს წევრებს შორის საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებაზე კონსენსუსის მიღწევა „უახლოეს მომავალში“ შეუძლებელია, განაცხადა აშშ–ის ელჩმა ნატოში დუგლას ლუტმა 22 აპრილს.

როდესაც მას ლონდონში ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს აქვს თუ არა რუსეთს ვეტო ნატოს გაფართოებაზე, ლუტმა უპასუხა: „ვფიქრობ, რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ გარემოში და სტრატეგიული გარემო შეაფერხებს ნატოს გაფართოებას“.

„თუ გაითვალისწინებთ იმ მოსაზრებებს,  რომლებიც აქ მოვისმინეთ [საპანელო განხილვაზე] რუსეთის შიდა სისუსტის და შესაძლო მდგრადი გაუარესების შესახებ და ასე შემდეგ, ალბათ ახლა ამ საკითხისთვის შემდგომი ბიძგის მიცემას  აზრი არ ექნება და შეიძლება ამან ეს გაუარესება სულაც დააჩქაროს ან დესტაბილიზაცია მოახდინოს; ამიტომ პრაქტიკული თვალსაზრისით, არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში, მომდევნო რამდენიმე წელიწადში, ან სულაც უფრო მეტხანს, ნატოს შემდგომი გაფართოება შესაძლებელი იყოს“, – განაცხადა მან.

„პოლიტიკის ხაზია, რომ ღია კარი რჩება გაღებული… პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არ შეიცვლება, მასზე უარს არ ვიტყვით, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, არა მგონია, რომ რაიმე პერსპექტივა იყოს მომდევნო რამდენიმე წლისთვის“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

აღნიშნა რა, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას ალიანსის 28–ვე წევრის კონსენსუსი სჭირდება, ლუტმა დასძინა: „ახლო მომავალში შეუძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების შესახებ“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)