საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25-29 აპრილს აშშ-ში სამუშაო ვიზიტს გამართავს.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან.
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ასევე გამართავს შეხვედრებს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ასევე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან მინ ჟუსთან.
პრემიერი კვირიკაშვილი 26 აპრილს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოვა სიტყვით; მომდევნო დღეს კი დაგეგმილია მისი გამოსვლა ილინოისის უნივერსიტეტში, სადაც მან 1998 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო ფინანსებში.
პრემიერ-მინისტრთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ქართული ოცნებიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)