Site icon Civil.ge

პარლამენტი საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე ორ საკონსტიტუციო ცვლილებას განიხილავს

პარლამენტმა მიმდინარე კვირის დღის წესრიგში საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი შეიტანა.

ორივე პროექტი, რომელთაგანაც ერთი  ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა, ხოლო მეორე არასაპარლამენტო ოპოზიციურმა  პარტიებმა, რომელსაც პარლამენტის ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ მხარს, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა მთავარი განსხვავება რეფორმის ვადებს შეეხება.  

ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი პროექტი რეფორმის განხორციელებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ითვალისწინებს, ხოლო ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი რეფორმის 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის გატარებას ისახავს მიზნად. 

სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს;  არც ერთ საპარლამენტო ჯგუფს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გააჩნია.

პარლამენტის ბიურომ ორივე კანონპროექტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო ორშაბათს და მათი განხილვა შესაძლოა მიმდინარე კვირას–ოთხშაბათს ან ხუთშაბათს – დაიწყოს, თუმცა ეს სავარაუდო თარიღებია და შესაძლოა შეიცვალოს. ოპოზიციონერ დეპუტატებს, ასევე დეპუტატებს რესპუბლიკური პარტიიდან, რომლებიც ოფიციალურად კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან, განხილვის თარიღის დაზუსტება სურდათ, მაგრამ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დეპუტატებმა ზუსტი დროის დათქმისგან თავი შეიკავეს.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტები მიმდინარე კვირას განიხილება, უცნობია, როდის უყრიან მათ კენჭს. ეს დამოკიდებული იქნება სხდომათა დარბაზში დეპუტატების რაოდენობაზე. საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრის ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ სულ ცოტა 113 დეპუტატი ესწრება სხდომას.

ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიღება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც მას საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმდეგება. მართალია რესპუბლიკური პარტიის და ეროვნული ფორუმის დეპუტატებმა მიანიშნეს, რომ მზად არიან ხმა მისცენ ამ კანონპროექტს, მაგრამ ის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნება მიღებული. პირველად კენჭისყრაზე შესაძლოა სწორედ ეს კანონპროექტი დადგეს; მისი ჩავარდნის შემთხვევაში, რაც მოსალოდნელია, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, კერძოდ თავისუფალი დემოკრატებიდან, აპირებს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას იმისათვის, რომ სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი 2016 წლის არჩევნების შემდეგ მაინც გაუქმდეს. თუმცა, საბოლოოდ, ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობაზე იქნება დამოკიდებული  გავა, თუ არა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ნაციონალურ მოძრაობას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება  მისცემს თუ არა ხმას ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.

შერეული საარჩევნო სისტემა

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.

ორივე კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციული სისტემის შენარჩუნებას და მაჟორიტარული კომპონენტის  რეგიონალურ–პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, რაც თითოეულ რეგიონში პარტიების მიერ დეპუტატობის კანდიდატების ცალკე  სიების წარდგენას გულისხმობს. ოპოზიციის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური პროექტი ითვალისწინებს 75 ადგილის პროპორციული წესით განაწილებას და დანარჩენი 75 ადგილის – რეგიონალურ–პროპორციული სისტემით. ქართული ოცნების კანონპროექტი არ აკონკრეტებს, როგორ გადანაწილდება ადგილები ამ ორ კომპონენტს შორის და სთავაზობს, რომ ეს პროპორციები საარჩევნო კოდექსმა განსაზღვროს. ქართული ოცნების პროექტი ასევე ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 5%–დან 4%–მდე შემცირებას 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ოპოზიციის პროექტი კი საარჩევნო ბარიერის 5%-ზე შენარჩუნებას სთავაზობს.

მოქმედ საარჩევნო სისტემას თავისი მაჟორიტარული და პროპორციული კომპონენტებით შესაძლოა პარლამენტში ადგილების იმგვარი გადანაწილება მოყვეს, რომ ის პროპორციული არჩევნებში მიღებული შედეგისგან განსხვავდებოდეს.  

წინა პარლამენტში სხვაობა ადგილების გადანაწილებას და პროპორციული სისტემით მიღებულ ხმებს შორის აშკარა იყო, როდესაც მმართველ ნაციონალურ მოძრაობას მანდატების 79%–ზე მეტი ჰქონდა მაშინ, როცა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში  პროპორციულად ხმების 59%–ზე ოდნავ მეტი მიიღო. ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ, ოთხის გარდა,  ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგო ქვეყნის მასშტაბით.

თუმცა, ამგვარად არ მოხდა 2012 წლის არჩევნებზე, როდესაც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მიერ მოგებული ადგილები, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით, ძირითადად, შეესაბამებოდა იმ ხმებს, რომლებიც მათ პარტიული სიით მიიღეს.

შეუსაბამობა აშკარა იყო 2014 წლის თბილისის საკრებულოს არჩევნების დროს, სადაც ასევე შერეული სისტემა მოქმედებს – მართალია ქართულმა ოცნებამ ხმების 46% მიიღო, მაგრამ მან თბილისის საკრებულოში ადგილების 74% მოიპოვა, რადგანაც, ერთის გარდა, ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგო თბილისში.