Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%–მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.5%–მდე შეამცირა და განაცხადა, რომ საჭიროა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება. 

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ის აპირებს საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას ნეიტრალურ დონემდე, რაც 5-6 პროცენტის ფარგლებშია.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის მანძილზე ეტაპობრივად გაიზარდა 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან 8%–მდე გასული წლის ბოლოს. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე და დასძინა, რომ წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტლებში ზომიერად შემცირდება და ბანკის მიზნობრივ 5%–იან მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

მარტში წლიური ინფლაციის დონემ 4.1% შეადგინა მას შემდეგ, რაც წინა თვეში ეს მაჩვენებელი 5.6% იყო.

ასევე 27 აპრილს, ეროვნული ვალუტაში მოზიდული სახსრების წახალისების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 10%-დან 7%-მდე შემცირება. თუმცა, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.