Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან დეპუტატის კანდიდატობის შეთავსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა ოთხშაბათს 77 ხმით 21-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას აძლევს, რომ თანამდებობის დატოვების გარეშე დარეგისტრირდეს საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად.

ეს ცვლილებები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შესაძლებლობას მისცემს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო სიას. კვირიკაშვილის პარტიის ლიდერად არჩევა 14 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე იგეგმება.

მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის წევრები იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში ფიგურირებენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაციაში არ გატარდებიან. 

პარტია ქართული ოცნების, რესპუბლიკელი და კონსერვატორი დეპუტატების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ამ სიიდან პრემიერ-მინისტრის გამორიცხვას ითვალისწინებს.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ეს ცვლილება წარმოადგენს ქართული ოცნების მცდელობას, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მოარგოს კანონმდებლობა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ თუ პრემიერ-მინისტრი არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობას დატოვებს, ეს მთავრობის გადადგომას და  ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას გააჩენს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი "ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს“.

მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, დეპუტატობის კანდიდატთან შეუთავსებელ თანამდებობებად განსაზღვრულია: პრეზიდენტი და მისი მრჩევლები; საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მინისტრები; უშიშროების საბჭოს წევრები, პრემიერ-მინისტრის და დეპუტატების გარდა; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი  და მისი მოადგილეები; გუბერნატორები და მათი მოადგილეები; საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; მოსამართლეები; იუსტიციის საბჭოს წევრები; სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო  უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;  კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.