Site icon Civil.ge

საკრებულოების შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატები იყრიან კენჭს

22 მაისს დაგეგმილ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის სულ ცხრა მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარდება, ხუთი პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებას კანდიდატები 9-ვე მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს წარდგენილი; კახა კუკავას თავისუფალ საქართველოს – 5 ოლქში; ნაციონალურ მოძრაობას 4 ოლქში; „სახალხო ხელისუფლებას“, რომელიც ქვემო ქართლში შევარდნაძის ადმინისტრაციის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის მხარდაჭერილი ახლად შექმნილი პარტიაა  – 3 ოლქში, ხოლო ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“  – 1 ოლქში.

თბილისის საკრებულოში გლდანის ერთ-ერთი ოლქიდან არჩეული მაჟორიტარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მარტის ბოლოს ქართული ოცნების დეპუტატი კობა კობალაძე ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. გლდანის ამ ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქში თბილისის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებენ: ბორია ფირცხელიანი ქართული ოცნებიდან, ნინო ჯურხაძე თავისუფალი საქართველოდან და ზურაბ კვანტალიანი სახალხო ხელისუფლებიდან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორ მაჟორიტარს აირჩევენ კალინინოს თემში (3749 რეგისტრირებული ამომრჩეველი), სადაც ქართული ოცნების, სახალხო ხელისუფლების და თავისუფალი საქართველოს კანდიდატებთან ერთად ასევე იყრის კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატიც; და ყარაჯალარის თემში (3353 ამომრჩეველი), სადაც მხოლოდ ქართული ოცნებისა და თავისუფალი საქართველოს კანდიდატები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

კასპში მეტეხის თემის მაჟორიტარის მანდატის მოსაპოვებლად, 2677 ამომრჩეველს ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის და სახალხო ხელისუფლების კანდიდატებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

წყალტუბოში სოფელ წყალტუბოს 3463 ამომრჩეველი 22 მაისს ადგილობრივ საკრებულოში მაჟორიტარს ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატებს შორის აირჩევს.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულო ერთადერთია, რომლის მაჟორიტარული მანდატისთვის ქართული ოცნების კანდიდატის კონკურენტი იქნება არა რომელიმე პარტია, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატი. ამ ერთმანდატიან ოლქში 2305 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი დაბა ნასაკირალის 2058 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის მოუწევს.

ხობის ყულევის თემის (244 ამომრჩეველი) მაჟორიტარობისთვის ერთმანეთს ქართული ოცნებისა და თავისუფალი საქართველოს კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება ზუგდიდის კორცხელის თემს, აქ 1982 ამომრჩეველს მაჟორიტარის არჩევა ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს კანდიდატებს შორის მოუწევს.

ყველა ამ ოლქში შუალედური არჩევნები მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. ახალი დეპუტატები კი, დაახლოებით, 1.5 წლით აირჩევიან, ვიდრე  2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მოქმედი საკრებულოების უფლებამოსილება შეწყდება.