აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული მოძრაობა, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, არცთუ დიდად ჩამოუვარდება რეიტინგით ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას.
გამოკითხვა კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM) 12 მარტი – 2 აპრილის პერიოდში განახორციელა. კოალიცია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მასში შეამავალი პარტიები (ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო; რესპუბლიკური პარტია; კონსერვატიული პარტია; მრეწველები და ეროვნული ფორუმი) ერთად აღარ მიიღებენ მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.
კითხვაზე კოალიციებისგან დამოუკიდებლად რომ მიეღოთ პარტიებს მონაწილეობა, ვის მისცემდით ხმას, რესპონდენტების 12%–მა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი დაასახელა, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს (19%) და ნაციონალური მოძრაობის (18%) შემდეგ.
14%–ს პასუხი არ აქვს, ხოლო 9%–მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემდნენ ხმას. რესპონდენტების 11%–მა ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატები დაასახელა; შემდეგ მოდის ლეიბორისტული პარტია – 8%-ით; პატრიოტთა ალიანსი – 4%-ით; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – 3%-ით და რესპუბლიკური პარტია – 1%-ით.
ბურჭულაძემ, რომლის საოპერო კარიერაც 35 წელიწადს ითვლის, საქართველოს განვითარების ფონდი გასული წლის ბოლოს დააფუძნა.
იანვრიდან მოყოლებული ის რეგიონებში დადის, სადაც თავისი ფონდის ადგილობრივ ოფისებს ხსნის და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს, რაც პოლიტიკურ კამპანიას ძალიან წააგავს.
ფონდის ადგილობრივი ოფისები ბოლო სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით თორმეტზე მეტ ადგილას გაიხსნა. ბურჭულაძე აცხადებს, რომ ამ აქტივობის მიზანი ხალხთან ერთად ქვეყნის არსებული კრიზისიდან გამოსაყვანად გეგმის შემუშავებაა.
მართალია თავის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრებისგან თავს იკავებს, მაგრამ ის ხშირად საუბრობს მოსახლეობაში არსებულ უიმედობაზე და მის მცდელობაზე, რომ ხალხს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახოს და საქართველო სწორ გზაზე გაიყვანოს. ის ასევე საუბრობს ქვეყნის სწორად მართვის საჭიროებაზე. მისი ფონდის წევრები ხშირად გამოდიან ტელევიზიით, მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს აკეთებენ და მთავრობას "პასიური და არაეფექტური" პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. ბურჭულაძე მარტიდან მოყოლებული სულ ცოტა ორჯერ ეწვია ვაშინგტონს, ხოლო მისი წარმომადგენლები ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც ევროპარლამენტის წევრებთან გამართეს შეხვედრები.
კვლევა პოლიტიკოსების რეიტინგებსაც აფასებს, რომელშიც ბურჭულაძე 75%–ით ლიდერობს; მისი არაპოპულარობის რეიტინგი კი 17%–ია.
შემდეგ მოდის ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 64%–ით, რომლის არაპოპულარობის რეიტინგი 26%–ია.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 60-60%-იანი მოწონება აქვს თითოეულს, ხოლო მათი არაპოპულარობის რეიტინგი ასევე თანაბრად 35%–ია.
კვლევის თანახმად, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი 56%, ხოლო მისი არაპოპულარობის რეიტინგი 32%–ია.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგი 54%–ია, ხოლო მისი არაპოპულარობა 40%-ს შეადგენს.
რესპონდენტთა 70%–მა განაცხადა, რომ ვითარება საქართველოში „არასწორი მიმართულებით“ მიდის; 2015 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 55% იყო.
USAID-ის მიერ დაფინანსებული ამ კვლევის ფარგლებში, რომლის ცდომილების ზღვარიც +/- 2.5%-ს შეადგენს, 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.