Site icon Civil.ge

ნაციონალური მოძრაობა პარტიული სიის ფორმირების პრინციპებზე საუბრობს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 30 აპრილს ის სამი პრინციპი დაასახელა, რომელთა საფუძველზეც ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირებას გეგმავს. 

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა შაბათს, რომ პარტიული სიის ფორმირების პროცესი „იქნება მთლიანად გამჭირვალე და დემოკრატიული“ და „დაკომპლექტება მოხდება პრინციპების და არა ვინმეს ნება–სურვილის შესაბამისად“.
 
პირველი პრინციპი, მისი თქმით, რეგიონალური წარმომადგენლობაა – ის რეგიონები, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა კანდიდატებმა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მეტი ხმა მიიღეს, პარტიულ სიაშიც იქნებიან წარმოდგენილები. ბაქრაძემ განაცხადა, რომ  ეს შესაბამისი კოეფიციენტის საშუალებით, „სამართლიანად და გამჭირვალედ“ გაკეთდება.

„ასე რომ, ყველა რეგიონს ეცოდინება, რომ მისი წარმომადგენლობა სიაში დამოკიდებული იქნება ხალხის ნდობაზე“ წინა არჩევნებზე, განაცხადა ბაქრაძემ.  

მისი თქმით, ეს მიდგომა გამოყენებულ იქნება პარტიული სიის კანდიდატების მიმართ, ასევე იმ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევისას, რომელთაც პარტია 73 ერთმანდატიან ოლქში წარადგენს.

არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.

„პირველად საქართველოს პოლიტიკურ პრაქტიკაში, საქართველოს რეგიონებს ეყოლებათ წარმომადგენლები პარტიის პოლიტიკურ სიაშიც“, – განაცხადა მან.

მეორე პრინციპი, რომლის საფუძველზეც კანდიდატები პარტიული სიისთვის შეირჩევიან, გამომდინარეობს „განახლების“ და „პარტიაში ახალი ენერგიის მოზიდვის“ საჭიროებიდან, განაცხადა მან.

„პარტიამ უნდა მოიზიდოს ახალი სახეები, საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული სახეები. ეს გახლავთ ჩვენი პასუხი დღევანდელ ძირითად პრობლემაზე, რაც არის ამ ხელისუფლების არაკომპეტენტურობა, უცოდინრობა… ამის საპირისპიროდ, ჩვენ წარმოგიდგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც იდგება კომპეტენტურობაზე და საზოგადოების მხარდაჭერაზე. ამიტომ, თქვენ იხილავთ ამ გუნდში ძალიან ბევრ ახალ სახეს, ადამიანებს, რომლებიც არიან წარმატებული და პროფესიონალები“.

მესამე პრინციპი, მისი თქმით,  კანდიდატების პარტიის ლიდერების მიერ დასახელება იქნება, რაც უზრუნველყოფს „განგრძობადობას, ვინაიდან პარტიაში დაგროვილია გამოცდილება, არიან ადამიანები, რომლებიც არიან თავის საქმის პროფესიონალები“.

 „საბოლოო სიის დამტკიცება მოხდება პოლიტსაბჭოს მიერ, რაც არის აბსოლუტურად დემოკრატიული პროცედურა და ეს სია უახლოეს მომავალში წარედგინება ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

შემოთავაზებული სქემის თანახმად, 14 ადგილი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველ 30 ადგილში პარტიის ლიდერების მიერ დასახელებულ კანდიდატებს შეხვდებათ, ხოლო 16 ადგილი რეგიონალური წარმომადგენლობის პრინციპით გადანაწილდება – 6 ადგილი თბილისს; სამ–სამი ადგილი იმერეთს და სამეგრელოს; ქვემო ქართლს  2 ადგილი და აჭარას და კახეთს თითო-თითო.

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია და რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო, სანამ 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა, მარტში მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას, რომ პარტიული სია გენდერული ბალანსის დაცვით შეედგინა და ადგილების ნახევარი სიაში ქალი კანდიდატებისთვის გამოეყო – ეს საკითხი ბაქრაძემ არ ახსენა პრინციპებზე საუბრისას.

24 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. მან ასევე განაცხადა, რომ მართალია ის საქართველოში თანამდებობას არ ეძებს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ მაშინვე დაბრუნდება ქვეყანაში, რათა ქვეყნისთვის „უკეთესი პერსპექტივის“ შექმნაში დაეხმაროს.

„დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში; ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა სააკაშვილმა, „არის ორი ძალა – ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე; არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი; დანარჩენი ყველაფერი არის იმიტაცია, მანევრები, ფულის კეთება“.

„საჭიროა, ეს არჩევნები მოვიგოთ, მე ჩამოვიდე, დავსხდეთ და დავეხმაროთ იმ გუნდს, რომელიც გაიმარჯვებს, დანაკარგების გარეშე სწრაფად ახალი პერსპექტივების გაჩენაში – ეს არის და ეს, ასე ვხედავ“, – განაცხადა მან.

„მე დიდი ალბათობით ვიპოვი საშუალებას, რომ ჩავერთო არჩევნებში და არჩევნების შემდეგ ეგრევე, დარწმუნებული ვარ, ჩამოვალ საქართველოში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობ იმ დიდ მისიაზე, რაც უკრაინაში გვაქვს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უკრაინის და საქართველოს წარმატება განუყოფელია, „ეს არ არის არჩევანი უკრაინას და საქართველოს შორის; ეს არის საერთო კარგი მომავალი“.