აშშ–ის არმიის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით ფოთის პორტში ჩამოიტვირთა, 4 მაისი, 2016 წელი.
აშშ–ის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ბულგარეთიდან ბორანის საშუალებით ოთხშაბათს ფოთის პორტში ჩამოიტვირთა და სარკინიგზო ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისთვის, რომელიც მომდევნო კვირას დაიწყება.
ვაზიანის სამხედრო ბაზა მეორე ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“ 11–26 მაისს უმასპინძლებს; წვრთნებში 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
შარშან ევროპაში აშშ–ის არმიამ ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ ღირსეული პარტნიორის პირველი წვრთნებისთვის გამოგზავნა – ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აშშ–ის არმიამ მექანიზებული ასეულისთვის საჭირო რაოდენობის ტექნიკა შავი ზღვის გადაღმა გადაიტანა. წლევანდელი წვრთნები კი პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული არმიის სატანკო ასეული საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
The tanks are here!! #NoblePartner starts 11 May! Be sure to check out all the action: https://t.co/98jXSBEAcG pic.twitter.com/QCTINPpZwa
— U.S. Army Europe (@USArmyEurope) May 4, 2016
შარშან ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბორნით ბათუმში ჩავიდა.
სანამ სამხედრო ტექნიკა ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნაში ბორანზე დაიტვირთებოდა, ევროპაში აშშ–ის არმიის მეთაური, გენერალ–ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი 28 აპრილს საქართველოს სტუმრობდა.
„ჩვენ ჩამოვედით, რათა ბათუმის პორტი მოვინახულოთ; გავიგოთ რა არის საჭირო ტექნიკის გადმოსატანად, რამდენად სწრაფად შევძლებთ ტექნიკის გადმოტანას“, – განაცხადა მან 28 აპრილს ბათუმის პორტში სტუმრობისას ნატოს წევრი სახელმწიფოების სხვა ოფიცრებთან ერთად.
„ასევე იმიტომ ჩამოვედით, რათა ვაჩვენოთ საქართველოს… რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოსთან, განვაგრძოთ მუშაობა თავსებადობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვიახლოვდება წვრთნები – „ღირსეული პარტნიორი“. აშშ–ის არმიის სატანკო ასეული ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით ჩამოვა; ამიტომ, მინდოდა მენახა, როგორ გამოიყურებოდა ეს ობიექტი“, – დასძინა მან. მაშინ არავის უთქვამს, რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოიტვირთებოდა.
გასული წლის მსგავსად, ამერიკული მხრიდან წვრთნებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას 173–ე სადესანტო ბრიგადის მედესანტეები.
Coming soon: #SkySoldiers to train with Georgia’s contribution to @NATO Response Force (NRF) #NoblePartner 16 ???????????????? pic.twitter.com/kFXm4AYQmc
— 173rdAirborneBrigade (@173rdAbnBde) May 2, 2016
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნაში ასევე ჩაერთვება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)