საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაგეგმილ ამერიკულ-ქართულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების კრიტიკული პოზიციის საპასუხოდ განაცხადა, რომ „აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არცერთი მხარის წინააღმდეგ“.
„საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება. ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ყოველწლიური წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) 11–26 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება და მასში 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ამერიკული არმიის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით პირველად იქნა ტრანსპორტირებული ფოთის პორტში წვრთნებში მონაწილეობისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 მაისს გავრცელებულ განცხადებაში დაგეგმილი წვრთნები „პროვოკაციულ ნაბიჯად“ და ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ „ათვისებად“ შეაფასა, რომელიც „მიმართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებული გამწვავებისკენ“. მოსკოვმა განცხადებაში ასევე ხაზი გაუსვა, რომ წვრთნების ფარგლებში „ასევე ხორციელდება ქმედებათა გამოცდა ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ტექნიკის საქართველოში გადასროლის კუთხით“ და აშშ და მისი მოკავშირეები „თბილისის რევანშისტული მისწრაფებების“ წახალისებაში დაადანაშაულა.
„ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არცერთი მხარის წინააღმდეგ“, – აცხადებს საქართველოს დიპლომატიური უწყება და ხაზს უსვამს, რომ სწავლების მიზანია ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის გაუმჯობესება და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლება.
„ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. მსგავსი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამავდროულად, ნატოსთან თავსებადობა საქართველოს დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია, და ჩვენი არაერთხელ გაცხადებული პოზიციაა და მიზანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
რუსეთის საგარეო უწყებამ თავის განცხადებაში ასევე გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ქართული ჯარის მისია შეუსრულებელი რჩება. 4 მაისს უსუფაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში განაცხადა, რომ ეს მისია „აუცილებლად შესრულდება“, რადგან „ამის საშუალებას და ამის იმედს ჩვენ გვაძლევს ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ოფიცრების გმირობა, ჩვენი ქართული სახელმწიფოს ძლიერება და ჩვენი პარტნიორები, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ, ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ამ თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გადავწყვეტთ ყველა ამოცანას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)