Site icon Civil.ge

მომავალ გუნდზე საუბრისას კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნება ‘კონკურენციის გარეშეა’

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ის იქნება არჩეული პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ, განახლებულ გუნდში აღარ იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებსაც „ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში“.

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ყრილობას 14 მაისს გამართავს, სადაც მოსალოდნელია პარტიის ლიდერად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის არჩევა.

„თუ მე ვიქნები არჩეული ქართული ოცნების ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში“, – განუცხადა მან 12 მაისს ქართველ ჟურნალისტებს ლონდონში, როცა მას კითხეს ქართულ ოცნებაში ნატოს საწინააღმდეგო განცხადებების ავტორის, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის შემდგომი ყოფნის შესახებ. 

„ქართული ოცნება, ვფიქრობ მაინც, რომ კონკურენციის გარეშეა და ვფიქრობ, რომ სერიოზული უპირატესობა გააჩნია, რაც ძალიან კარგად დადასტურდება არჩევნებზე“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდება.

მისი ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნება „მთლიანად ახალი გუნდით“ არ იქნება წარმოდგენილი მომავალ არჩევნებზე და არსებულთან ერთად „ახალი სახეებიც“ იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთა წარდგენაც „გვექნება, ალბათ, უახლოეს მომავალში“.

კვირიკაშვილის განცხადებით, „ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობა“  პარტიის ლიდერების მხრიდან გასაუბრებათა მთელი სერიის შედეგად იქნა შერჩეული.  „ქართულ ოცნებასთან შეერთების ინტერესი ძალიან დიდია“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, მიუხედევად იმისა, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს პარტიის მშენებლობის გზაზე მასთან კონსულტაციები, როგორც ქართული ოცნების დამფუძნებელთან, „გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია“.