საქართველომ ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე განაცხადა, რომ განიხილავს კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების საჯარო რეესტრის შექმნის საკითხს, თუმცა თავი შეიკავა ამ მექანიზმის შემოღების ვალდებულების აღებისგან.
საქართველოს უკვე გააჩნია კომპანიების ელექტრონული საჯარო რეესტრი, სადაც ამა თუ იმ კომპანიის მფლობელობის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია. თუმცა, თუ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორულ ზონაში დარეგისტირებული ფირმაა, ინფორმაცია წილების რეალური მფლობელის შესახებ საჯაროდ მიუწვდომელია. მხოლოდ მაუწყებლები არიან ვალდებულნი, რომ თავიანთი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროონ. საქართველომ ოფშორში დარეგისტირებული კომპანიების მიერ ტელევიზიების ფლობა 2011 წელს აკრძალა.
ანტიკორუფციულ სამიტზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ კამერონი მასპინძლობდა, საქართველომ განაცხადა, რომ „ის პირობას დებს, რომ შეისწავლის კომპანიების ბენეფიციარ მფლობელებზე ინფორმაციის შესახებ საჯარო რეესტრის შექმნის საკითხს“.
ანალოგიური დაპირებები გააკეთეს სამიტზე ავსტრალიამ, ინდონეზიამ, ირლანდიამ, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ, ხოლო ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა, ავღანეთმა, კენიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ნიგერიამ მზადყოფნა გამოხატეს შექმნან საჯარო რეესტრები, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ არიან მათ ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიების რეალური მფლობელები.
საქართველოს დელეგაციას სამიტზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უძღვებოდა. სამიტის მონაწილეებმა წერილობითი განცხადებები წარადგინეს, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ისინი კორუფციასთან ბრძოლის მიზნით გეგმავენ.
Thanks to @David_Cameron for orginizing summit.Transparency, enforcement&cultural changes-ways to tackle corruption pic.twitter.com/ecNysaozP1
— Giorgi Kvirikashvili (@KvirikashviliGi) May 12, 2016
განცხადების თანახმად, საქართველო პირობას დებს უზრუნველყოს, რომ მის სამართალდამცავ სტრუქტურებს „სრული და ეფექტური“ წვდომა ჰქონდეთ ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაციაზე საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებთან და სხვა იურიდიულ პირებთან მიმართებაში. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაატაროს ორმხრივი ღონისძიებები პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით „საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციისკენ“ მოუწოდა. „რაც მეტი ქვეყანა დანერგავს გამჭვირვალობის გაუმჯობესებულ სტანდარტებს, მით უფრო საგრძნობი იქნება შედეგები მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
12 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ფილიპ ჰამონდს შეხვდა, რომელიც თბილისს მარტში სტუმრობდა, ასევე შეხვედრა გამართა თავდაცვის სახელმწიფო მდივანთნ მაიკლ ფალონთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)