Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში სადავო ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებულია

პარლამენტი 12-13 მაისს ორი დღის განმავლობაში იხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში სადავო ცვლილებებს, რომელიც მეორე მოსმენით 83 ხმით 4-ის წინააღმდეგ იქნა პარასკევს მიღებული და სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდას ითვალისწინებს.

ცვლილებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა და მეორე მოსმენის ვერსია მნიშვნელოვნად სახეცვლილია თავდაპირველად ინიცირებულ ვარიანტთან შედარებით, ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, ასევე უპირისპირდებიან მმართველ უმრავლესობაში შემავალი რესპუბლიკელი დეპუტატებიც. ოპონენტების განცხადებით, ამ ცვლილებებით ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლის დამყარებას და სამართალწარმოების გართულებას ცდილობს. ცვლილებებს ასევე ეწინააღმდეგება პრეზიდენტი მარგველაშვილი და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, შესაძლოა მან ვეტოს უფლებაც გამოიყენოს სამივე მოსმენით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში.

ამ ორგანული კანონის პროექტის მიღებას 76 ხმა სჭირდება და ამდენივე დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო ვეტოს დასაძლევად.

კანონპროექტს ქართული ოცნების უმრავლესობაში შემავალ დეპუტატებთან ერთად, გარდა რესპუბლიკელებისა, მხარი დაუჭირეს ასევე პარლამენტარებმა ეროვნული ფორუმიდან, რომლებმაც მმართველი კოალიცია დატოვეს. ოპოზიციური პარტია "გირჩის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ ის ზოგიერთი მისასალმებელი შესწორების მიუხედავად, მხარს არ უჭერს კანონპროექტს, რომლის პირველი მოსმენით მიღებასაც 27 აპრილს ხმა მისცა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

კანონპროექტის ყველაზე სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდას უკავშირდება.

თუ მოქმედი ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელიც ყველა მოსამართლეს მოიცავს,  მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას 9 წევრიდან 6 მაინც ესწრება, შემოთავაზებული ცვლილებებით დასწრების ვალდებულება 7 წევრამდე იზრდება. ამასთან, მოქმედი ნორმით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, რისთვისაც მინიმუმ 4 წევრის მხარდაჭერა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი. შემოთავაზებული ცვლილებებით, კი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი ფიქსირებულ 6 წევრამდე იზრდება.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის თანაავტორმა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიამ უარი თქვა კვორუმის დაწევის შეთავაზების გაზიარებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების "მაღალი ლეგიტიმურობის" საჭიროების მოტივით.

ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გააკრიტიკა კვორუმის გაზრდის განზრახვა, როგორც ხელისუფლების მცდელობა მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება, რომელსაც „დღემდე ის ვერ აკონტროლებს“. მისი თქმით, ეს ნორმა შესაძლებლობას იძლევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უმცირესობამ „შეაფერხოს ან საერთოდ დაბლოკოს“  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სადავო ნორმატიული აქტის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი ხდება. მოქმედი წესით, სასამართლოს კოლეგიასაც აქვს უფლება, რომ სადავო ნორმის მოქმედება შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. პლენუმში თუ სასამართლოს 9 წევრია გაერთიანებული, კოლეგიები 4-4 მოსამართლისგან შედგება. 

რესპუბლიკელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პლენუმის დამატებითი საქმეებით დატვირთვა და ამასთანავე,  გადაწყვეტილების მიღების წესის გართულება „გადაწყვეტილებაუუნაროს“ გახდის სასამართლოს, სადაც „პოლიტიკური მანიპულაციების რისკი იზრდება“. ამის გამო, მისი თქმით, რესპუბლიკელები მხარს არ უჭერენ წარმოდგენილ ცვლილებებს.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვის ხანგრძლივ პროცესში, წარმოდგენილ ცვლილებებს   „სადამსჯელო ღონისძიება“ უწოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლებისთვის იმ არასასურველი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც სასამართლომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, ასევე „რუსთავი 2“-ის საქმეებზე, ეროვნული ბანკის და ფარული მოსმენების კანონებთან დაკავშირებით.  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეთა „უმცირესობით დაბლოკოს“.

საკონსტიტუციო სასამართლო კანონებისა და ხელშეკრულებების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე გადაწყვეტილებებთან ერთად, ასევე იხილავს ჩასატარებელი თუ ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხებს და პლენუმს შეუძლია მათი შედეგების გაბათილების გადაწყვეტილებაც მიიღოს. 

"თქვენ ცდილობთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ… მაინც მიიღოთ ეს კანონი, რაც არ მიკვირს, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენთვის იმიტომ, რომ ფიქრობთ ამ კანონის მიღების გარეშე ვერ მოახერხებთ არჩევნების შედეგების გაყალბებას – ამისთვის გჭირდებათ ამ კანონის მიღება; ეს არ იწვევს ეჭვს", – მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა კოლეგებს ქართული ოცნებიდან, რაზეც მას მოგვიანებით ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ ამ განცხადებით ნაციონალურმა მოძრაობამ იმ შესაძლო სცენარზე მიანიშნა, რის გამოც ისინი ცვლილებებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ.

საკონსტიტუციო სასამართლო 9 წევრისგან შედგება, საიდანაც სამს პრეზიდენტი, სამს უზენაესი სასამართლო ნიშნავს და სამსაც პარლამენტი ირჩევს. მოქმედი 9 მოსამართლიდან, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს 4 წევრს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ეწურება. მოსალოდნელი ოთხი ვაკანტური ადგილიდან კი ორი პრეზიდენტმა უნდა შეავსოს საკუთარი კვოტით, ერთი უზენაესმა სასამართლომ და ერთიც პარლამენტმა აირჩიოს.

თუ მოქმედი ნორმით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ურთიერთშეთანხმებით ხდება, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, ეს პროცედურა უქმდება და საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა თავად ირჩევს 5 წლის ვადით ხელმძღვანელს, რასაც თავდაპირველად შემოთავაზებული 6-ის ნაცვლად, სულ ცოტა 5 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

კანონპროექტის კიდევ ერთი ცვლილება უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის წესს. ამჟამად, გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შედის, იმის მიუხედევად, რომ კონსტიტუცია ამბობს, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი  იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან კარგავს.

შემოთავაზებული კანონპროექტით გადაწყვეტილების ძალაში შესვლა დაკავშირებულია მისი სრული ვერსიის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტთან. თავდაპირველ ვერსიაში, გადაწყვეტილების ძალაში შესვლა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების მომენტიდან იყო გათვალისწინებული.

მართალია, მიესალმა პირველადი ვერსიის ამ და სხვა ცვლილებებს, თუმცა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ განაცხადა, რომ კანონპროექტში კვლავაც რჩება „არაერთი საფრთხის შემცველი“  რეგულაცია, რომელიც „აზიანებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ინტერესებს და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“. მან 13 მაისს ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ განხილვა მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ განაგრძოს.

მიუხედავად თავდაპირველი დაპირებისა, რომ ცვლილებებს განსახილველად ვენეციის კომისიას გაუგზავნიდა, კანონპროექტის თანაავტორმა ეკა ბესელიამ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მაინც დაიწყო. ეს დაპირება ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებს შეხვედრაზე მისცა, როდესაც ისინი თვის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდნენ.

ვიზიტის ბოლოს, PACE–ს თანამომხსენებლებმა ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლანდგრენმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ვენეციის კომისიას გაუგზავნოს განსახილველად, „სანამ პარლამენტში მეორე მოსმენით მათი განხილვა შედგება“.

„ეს გააქარწყლებს ყველანაირ შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიღების შემდეგ, ეს ცვლილებები უნებურად შეაფერხებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის, მნიშვნელოვანი როლი უზრუნველყოფილ უნდა იქნას. თუ ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის მომდევნო რამდენიმე დღეში მიმართავენ, ის შეძლებს, რომ ივნისის პლენარულ სხდომაზე მიიღოს საკუთარი მოსაზრება, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს პარლამენტს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს ცვლილებების საბოლოო მოსმენით მიღებისას მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლოს“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

თუმცა, კანონპროექტის პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარე კვირას დაიგეგმა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოყვა, რომელიც მოუწოდებდა მმართველ პარტიას, რომ მოსმენა გადაედო და კანონპროექტი ჯერ ვენეციის კომისიისთვის გადაეგზავნა. ეკა ბესელიამ და ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი გაეგზავნება ვენეციის კომისიას. თუმცა, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი მეორე მოსმენით იქნება მიღებული, შეუძლებელი იქნება მისი მნიშვნელოვნად შეცვლა, ვინაიდან მესამე მოსმენისთვის მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა ნებადართული. 

„კანონს როცა მივიღებთ, ნამდვილად გადავაგზავნით ვენეციის კომისიაში… და რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნას ჩვენ გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა პარტია ქართული ოცნებიდან მანანა კობახიძემ, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე პროექტი იმის გამო არ გაიგზავნა ექსპერტიზაზე, რომ განხილვის პროცესში მუდმივად იცვლებოდა.