Site icon Civil.ge

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე პრემიერი კვირიკაშვილი გახდა



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მეოთხე პარტიულ ყრილობას სიტყვით მიმართავს თბილისის სპორტის სასახლეში, 2016 წლის 14 მაისს. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ აირჩია 14 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულმა ყრილობამ, რომელმაც ასევე დაამტკიცა პარტიის განახლებული პოლიტიკური  საბჭო.

არჩევის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს, რომ პრემიერის თანამდებობის შენარჩუნებით სათავეში ჩაუდგეს პარტია ქართული ოცნების საარჩევნო სიას, განაცხადა, რომ მისთვის „უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა“ იყოს იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც „უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს“ შეასრულა „გარდამტეხი როლი სახელმწიფოს განვითარების გზაზე“.  

„როგორც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში – ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“, – მიმართა მან ყრილობის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

პოლიტსაბჭოში, რომლის 21-წევრიან შემადგენლობას კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, ადგილები შეინარჩუნეს ყოფილი წევრების უდიდესმა უმრავლესობამ. კერძოდ 11-მა წევრმა: პარტიის გენერალურმა მდივანმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ; დეპუტატებმა – გია ვოლსკიმ, ზვიად კვაჭანტირაძემ, მანანა კობახიძემ, ეკა ბესელიამ, ირაკლი სესიაშვილმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, თემურ ჭკუასელმა,  გედევან ფოფხაძემ, ასევე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ.

პოლიტსაბჭოს წევრი გახდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და დამატებით 8 ახალ წევრად დაამტკიცეს: დავით ბაქრაძე,  სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; დავით კოღუაშვილი – ყოფილი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი წევრი; სოფო კილაძე – შსს-ის აკადემიის პრორექტორი; ზვიად გონაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; აკაკი ზოიძე – 2003 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ჯანდაცვის მიმართულებით; მამუკა მდინარაძე – მოქმედი ადვოკატი; რომან კაკულია – ევროპულ და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში  ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; და ირინა ფრუიძე, ახალი მემარჯვენეების ყოფილი წარმომადგენელი, ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი.



მარცხნიდან მარჯვნივ: ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ასევე, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მეოთხე პარტიულ ყრილობაზე, 2016 წლის 14 მაისი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ თავის 17-წუთიანი გამოსვლა კვირიკაშვილმა პარტიასა და მთავრობაში მისი წინამორბედებისთვის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ყრილობას, მადლობის გადახდით დაიწყო და პარტიის განახლების გეგმების ფონზე,  ასევე განაცხადა, რომ „არავის დამსახურება არ იქნება არასოდეს დაკარგული“ – მას, სავარაუდოდ, ქართული ოცნების ის წევრები ჰყავდა მხედველობაში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდებიან.

„ქართულ პოლიტიკას დღეს ახალი ენერგია და განახლებული ხედვა სჭირდება. იმ ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს, ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება“, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში და კიდევ „ბევრი ახალი ადამიანის და პროფესიონალის“ გამოჩენა დააანონსა პარტიის რიგებში, რომლებიც, მისი თქმით, „პოზიტიურ დინამიკას შემოიტანენ  არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში“.

ყრილობაზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ პარტიას „ერთიანი ხედვა“ უნდა ჰქონდეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სასიცოცხლო საკითხებზე და „ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ ხედვას და დავემორჩილოთ გუნდის გადაწყვეტილებებს“.  ცოტა ხნის წინ პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების სიაში ვეღარ მოხვდებიან ის დეპუტატები, რომლებიც ქვეყნის დასავლურ კურსს ეჭვის თვალით უყურებენ

„ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული მისწრაფებები და გვაქვს ერთიანი პოლიტიკური ხედვა, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებითაც – ჩვენი პარტიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას იყოს ევროპის ნაწილი… სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატოსკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები სურს რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, თუმცა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია „ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე  – ეს არის ის, რაც არასოდეს არაფერში გაიცვლება“. მისი თქმით, საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ „გაუჩნდეთ ჩვენთან ერთად ყოფნის სურვილი“ და ისარგებლონ „ყველა სიკეთით“, მათ შორის ევროპაში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივით.   

პრემიერის განცხადებით, მართალია ქართული ოცნების მმართველობას „უშეცდომოდ“ არ მიიჩნევს, მაგრამ „სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ზრუნვა და დახმარება თავისი მოქალაქეებისთვის ათეული წლები არ ყოფილა“ და ასე გაგრძელდება, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სახით, რომელიც, მისი თქმით, მეტად ფოკუსირებული უნდა გახდეს იმ ადამიანებზე, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება უფრო მეტად ესაჭიროება.

„ამ სამმა წელმა ჩვენ გზა გაგვიკაფა და მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს უფრო დიდი და კონკრეტული მიზნები დავისახოთ და დავიწყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც კონკრეტულ შედეგებს, ახალ სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოგვიტანს. საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა და მმართველობის ეფექტიანი სისტემა – აი ამას ვთავაზობთ დღეს ჩვენ ხალხს“, – განაცხადა მან.  

„ჩვენ გვაქვს ეს ნება და კომპეტენცია და რესურსი იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა და იმავდროულად,  პარტიის წევრებსა და აქტივისტებს პირველი დავალება მისცა, რომ „ხვალინდანვე დაიწყონ პირდაპირი შეხვედრები მოსახლეობასთან“ მათ საჭიროებებზე რეაგირებისთვის.  

თავის გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს, რომლებიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას და პირობა დადო, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება თანაბარი პირობები და საარჩევნო კამპანიის თავისუფალ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს  ჯანსაღი კონკურენციის და არა კონფრონტაციის პირობებში“, – განაცხადა მან, „ჩვენ ამ  არჩევნებს ჩავატარებთ ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით“.

მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ასევე გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელმაც მომავალ „უმნიშვნელოვანეს“ არჩევნებზე საუბრისას, ასევე განაცხადა, რომ „ამომრჩევლის თანადგომით შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)