Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოზე სადავო ცვლილებებს ემხრობა

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი იზრდება, სასამართლოს „გააძლიერებს“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ კანონპროექტის მიმართ ოპონენტების კრიტიკის ფონზე.

მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ბოლო ორი მოსმენით 13–14 მაისს მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა დეპუტატებმა, მათ შორის დეპუტატებმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც მმართველი კოალიციის წევრია.

კანონპროექტი, რომელსაც შესაძლოა პრეზიდენტმა ვეტო დაადოს და რომელიც 9-წევრიანი სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების ორი–მესამედით მიღებას ითვალისწინებს, ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამაც გააკრიტიკა.  

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განაცხადა 14 მაისს, რომ „გადაწყვეტილების მისაღებად ამგვარი მაღალი კვორუმის დადგენა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ვენეციის კომისიის შეფასებებს და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სასამართლოს პარალიზებას“.

„ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

14 მაისს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომელიც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ მისი არჩევიდან რამდენიმე საათში შედგა, პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა უარყო ბრალდებები, რომ მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს დასუსტებას ცდილობს.

„ეს ცვლილებები განამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „ეს ცვლილებები გამორიცხავს იმას, რომ ერთ ან ორ ადამიანზე გავლენის მოხდენით გარედან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნას მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან და ამიტომ არის სწორედ ის კვორუმის აწევის იდეაც, რათა გარემო მცდელობები აღვკვეთოთ“.

„ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ზეგავლენის ნიშნებს ჩვენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, – განაცხადა მან და დასძინა დაკონკრეტების გარეშე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი ბოლო გადაწყვეტილება სწორედ ამ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული, „მოგეხსენებათ, რომ ის პიროვნებები, ვინც იქ მუშაობენ იყვნენ დანიშნულები წინა ადმინისტრაციის პერიოდში“.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა ამჟამინდელი წევრი, გარდა ერთისა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაინიშნა. მხოლოდ ერთი წევრი, მერაბ ტურავაა შედარებით ახალი, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა აირჩია. მოქმედი 9 მოსამართლიდან, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს 4 წევრს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ეწურება. მოსალოდნელი ოთხი ვაკანტური ადგილიდან კი ორი პრეზიდენტმა უნდა შეავსოს საკუთარი კვოტით, ერთი უზენაესმა სასამართლომ და ერთიც პარლამენტმა აირჩიოს.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვის ხანგრძლივ პროცესში, წარმოდგენილ ცვლილებებს   „სადამსჯელო ღონისძიება“ უწოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლებისთვის იმ არასასურველი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც სასამართლომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, ასევე „რუსთავი 2“-ის საქმეებზე, ეროვნული ბანკის და ფარული მოსმენების კანონებთან დაკავშირებით.

როდესაც კვირიკაშვილს „იმედის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ იჩქარა პარლამენტმა კანონპროექტის მიღება ვენეციის კომისიისთვის განსახილველად მისი გადაგზავნის გარეშე, მან უპასუხა, რომ კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზას „ორი და სამი თვე“ დასჭირდებოდა, რაც შეუძლებელს გახდიდა პარლამენტის მიერ მის მიღებას ზაფხულის მოახლოებული არდადეგების და ასევე, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომების შეწყვეტის გამო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, რომლებიც საქართველოს თვის დასაწყისში სტუმრობდნენ, განაცხადეს, რომ ვენეციის კომისია მზად იყო საკუთარი მოსაზრება ივნისის პლენარულ სხდომაზე მიეღო.

საკონსტიტუციო სასამართლო კანონებისა და ხელშეკრულებების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე გადაწყვეტილებებთან ერთად, ასევე იხილავს ჩასატარებელი თუ ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხებს და პლენუმს შეუძლია მათი შედეგების გაბათილების გადაწყვეტილებაც მიიღოს. 

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საპარლამენტო დებატების დროსაც იქნა წამოწეული, ნახსენები, როცა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა უთხრა ქართული ოცნების დეპუტატებს: "თქვენ ცდილობთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ… მაინც მიიღოთ ეს კანონი, რაც არ მიკვირს, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენთვის იმიტომ, რომ ფიქრობთ ამ კანონის მიღების გარეშე ვერ მოახერხებთ არჩევნების შედეგების გაყალბებას“.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია,  უპასუხა, რომ ნადირაშვილის ეს განცხადება "ძალიან საშიშ სცენარზე" მიანიშნებს და ნაციონალური მოძრაობის შესაძლო განზრახვას ახმოვანებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები გამოიყენოს არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის, თუ ისინი არასახარბიელო იქნება ოპოზიციური პარტიისთვის.