Site icon Civil.ge

ეროვნული ბანკი რეზერვების ‘შესავსებად’ აშშ დოლარის შესყიდვას განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 მაისს, წინა ორი დღის მსგავსად, სავალუტო აუქციონზე ინტერვენციის გზით 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

ხუთშაბათს საღამოსთვის დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც ბოლო სამი თვის მანძილზე მყარდება, 2.147–ს შეადგენდა, ნაცვლად წინა დღეს არსებული 2.1628–ისა.

ლარი დოლართან მიმართებაში წლის დასაწყისიდან 10.7%–ით გამყარდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8%–ითაა გამყარებული.

19 მაისის ინტერვენცია ეროვნული ბანკის უკვე მეათე შესყიდვაა მარტის შუა რიცხვებიდან.

17 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდში განხორციელებული ათი ინტერვენციის დროს ეროვნულმა ბანკმა სულ 155 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი დროა უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად, რომელიც გასული წლის მანძილზე დავკარგეთ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მიმდინარე კვირას Bloomberg–თან ინტერვიუში.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, დაახლოებით, 1.75–ის ნიშნულიდან და 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის 2.4985-იან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში სამი ინტერვენცია განახორციელა და საერთო ჯამში, 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

2015 წლის მანძილზე ლარის მხარდასაჭერად განხორციელებული ცხრა ინტერვენციის შედეგად 286.96 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

2016 წლის აპრილის ბოლოს მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2.456 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა,  რაც ოდნავ აღემატება წინა თვის მაჩვენებელს და მეტია ერთი წლით ადრე არსებულ 2.43 მილიარდ დოლარზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)