პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი კიდევ უფრო გამყარდება აშშ დოლართან მიმართებაში.
„ეკონომიკაში ნამდვილად არის ის ტენდენციები, რომ ჩვენ დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და მივესალმები ნამდვილად“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს 20 მაისს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარების შესყიდვა „გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგანაც არ გვინდა, რომ ნახტომისებური ცვლილებები მოხდეს“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მაისს, ზედიზედ მეოთხე დღეს, კიდევ ერთი ინტერვენცია განახორციელა შესყიდვის კუთხით და 40 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. სულ ამ ოთხი ინტერვენციის დროს 100 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა განხორციელდა, გარდა იმ 95 მილიონი აშშ დოლარისა, რომელიც ბანკმა მარტის შუა რიცხვებიდან განხორციელებული შვიდი ინტერვენციისას შეისყიდა.
ამჟამად, ლარის კურსი 2.146–ს შეადგენს აშშ დოლართან მიმართებაში – ის წლის დასაწყისიდან 10.8%–ით გამყარდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7.6%–ითაა გამყარებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტი საქართველოდან 2016 წლის პირველ ოთხ თვეში 11.7%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 608 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი იანვარ–აპრილში 12%–ით შემცირდა და 2 მილიარდ დოლარს ოდნავ გადააჭარბა (ერთჯერადად შემოტანილი მედიკამენტების გამოკლებით).
მართალია აპრილში ფულადი გზავნილების მხრივ წლიური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა 2016 წლის პირველ ოთხ თვეში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2.5%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 332 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 15.4%–ით გაიზარდა 2016 წლის პირველ ოთხ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1.59 მილიონი შეადგინა; მათ შორის, შსს–ს ინფორმაციით, 578 100 ანუ 17% ტურისტი იყო.