შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია მიმართავს სასამართლოს, რათა სოფელ კორცხელში 22 მაისს, შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტში იდენტიფიცირებულ პირთა დასაკავებლად ნებართვა გასცეს.
ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებმა და წევრებმა სცემეს, რომლებიც საარჩევნო უბნის წინ იყვნენ მობილიზებულნი.
პოლიციის რეაგირება ინციდენტზე და ის ფაქტი, რომ მათ ვერ შეძლეს ძალადობის აღკვეთა, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს. ორი დღის წინ მომხდარ ხელჩართულ ჩხუბთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ტელევიზიამ კამერით გადაიღო, ჯერჯერობით ბრალი არავისთვის არ წარუდგენიათ და არც ვინმე დაუკავებიათ.
„ეს ემოციები, რაც საზოგადოებაში, ჟურნალისტებში არსებობს, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია“, – განაცხადა მღებრიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს გულისხმობდა, „მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს, მიმდინარეობს აქაც ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები“.
„უახლეს დღეებში, საათებში ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან უკვე და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა მღებრიშვილმა, რომელმაც დაგმო ინციდენტი.
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 23 მაისს დაავალა იუსტიციის სამინისტროს, რომ შეიმუშავოს კანონპროექტი, რომელიც გაამკაცრებს სასჯელის ზომას არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობისთვის. ოპონენტებმა უპასუხეს, რომ პრობლემა არა კანონმდებლობაში, არამედ არსებული კანონების გამოყენებაშია, რომელთა საფუძველზეც ხელისუფლებას დაყოვნების გარეშე უნდა ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება.