გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც აფხაზური მხარის ბოიკოტის გამო ოთხი წლის წინ შეჩერდა, 27 მაისს გამართული შეხვედრით ისევ აღდგა.
შეხვედრა რვა დღეში შედგა მას შემდეგ, რაც ადილობრივი მკვიდრი გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 19 მაისს მოკლეს.
ეს ფატალური ინციდენტი განხილვის მთავარი თემა იყო გალში აღდგენილ შეხვედრაზე, რომელშიც თბილისის, სოხუმის და ადგილზე რუსული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„დისკუსიამ კონსტრუქციულ და ჩართულობის ატმოსფეროში ჩაიარა“, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც გაეროს წარმომადგენელთან ერთად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის შეხვედრებში მონაწილეობს.
„მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდგომი გამოძიება აწარმოონ, მათ შორის გაცვალონ ინფორმაცია ცხელი ხაზისა და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სთავაზობს“, – განაცხადა მისიამ, რომელიც ადგილზე უიარაღო დამკვირვებლებით არის წარმოდგენილი, თუმცა საშუალება არ აქვს, რომ პატრულირება ოკუპირებული ტერიტორიაზე აწარმოოს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი რაშიდ კანჯიოღლი, აფხაზი ე.წ. მესაზღვრეა, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია; თუმცა თბილისს მისი დაკავება სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შეუძლია. სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება აცხადებს, რომ ადგილობრივმა პროკურატურამ ასევე აღძრა საქმე მკვლელობის მუხლით საზღვრის დაცვის მოსამსახურის წინააღმდეგ.
„ინფორმაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ არ დაგვიდასტურეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ირაკლი ბერაიამ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, თბილისი ცდილობს, რომ ხურჩის ინციდენტში დამნაშავე პირი საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს, თუმცა გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით აფხაზური მხარე აცხადებს, რომ „ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა“ თბილისსა და სოხუმს შორის.
„ჩვენთვის ეს თავისთავად არის მიუღებელი იმიტომ, რომ ენგურის ხიდს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი“, – განაცხადა ბერაიამ.
„არსებობს ჩვეულებრივი ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ და ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ამ მიმართულებით უცვლელი… ჩვენ ყველა ფორმატში დავაყენებთ, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნა მან.
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრამ „კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ ჩაიარა, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ აფხაზურს გამოძიებაში მის ხელთ არსებული მასალები, მათ შორის სათვალთვალო კამერით ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეო გადასცა. ამ ვიდეოში, რომელიც თავდაპირველად ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და შემდეგ ქართულმა ტელევიზიებმაც გაუშვეს, ჩანს მომენტი, რომ გიგა ოთხოზორიას საკონტროლო გასროლით კლავენ.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 6 ივლისისთვის დაიგეგმა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა, წარმოადგენს ფორმატს, რომლის ფარგლებშიც რეგულარულ საფუძველზე განიხილება ადგილზე არსებული უსაფრთხოების საკითხები. მაშინ როცა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ამ მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები, რომელშიც თბილისის, ცხინვალის, ადგილზე განთავსებული რუსული ჯარებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რეგულარულად იმართება (ის მხოლოდ გარკვეული დროით 2010 წელს შეჩერდა), ამგვარი შეხვედრები აფხაზეთის მიმართულებით 2012 წლის აპრილიდან შეჩერებული იყო. თავდაპირველად აფხაზურმა მხარემ იმ მიზეზით თქვა უარი მონაწილეობაზე, რომ მაშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სოხუმის მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ანდჟეი ტიშკევიჩი ხელმძღვანელობდა. თუმცა, გალის შეხვედრები არც მას შემდეგ განახლებულა, რაც 2013 წლის ზაფხულში ტიშკევიჩს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ორწლიანი ვადა ამოეწურა.
თბილისი და სოხუმი გალის შეხვედრების აღდგენაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდზე 23 მარტს შეთანხმდნენ.