ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელშიც თანამოქალაქეებს ქართული ოცნების ხელისუფლების ანგარიშს აბარებს და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვის გეგმებზე საუბრობს, აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი „ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება“.
„ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, ნატოს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს“, – აცხადებს ივანიშვილის თავის ვრცელ წერილში.
მიუხედევად იმისა, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი "უახლოეს დღის წესრიგში არ დგას" და ასევე „გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე ნატოს წევრები გავხდებით“, მისი თქმით, ეს „არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სპეკულირების და, მით უმეტეს, იმედგაცრუების საბაბად“.
„ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით და ევროატლანტიკური სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ“, – აცხადებს ივანიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ „დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს“.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან“, – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
თავის 20-გვერდიან ვრცელ წერილში, რომელშიც კიდევ ერთხელ იხსენებს 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლის გარემოებებს, ის ერთგვარ ანგარიშს აბარებს მოსახლეობას და აცხადებს, რომ იმ დაპირებების „დიდი ნაწილის შესრულება შევძელი“, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისი თაოსნობით 2012 წლის არჩევნების წინ გასცა.
„ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას იყო“, – აცხადებს ივანიშვილი, რომელსაც თავის წერილში ასევე მოჰყავს კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებელები.
თუმცა, მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში პრობლემას ის ქმნის, რომ ქვეყანაში არსებულ „მაღალი ხარისხის“ დემოკრატიას „მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება“, რაც „ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის“.
"დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი", – ამბობს ის.
წერილში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მართალია ქვეყანაში "ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა, რომელმაც ამ ღია წერილს „ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი" უწოდა, ივანიშვილს კორცხელის ძალადობრივი ინციდენტი შეახსენა, რომლის დროსაც პარტია ქართული ოცნების იდენტიფიცირებული მხარდამჭერები 22 მაისს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და აქტივისტებს. ამ ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.
თავის წერილში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ „მედიის უფლებებს არავინ შეეხება“ და „ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობაც ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაავრცელოს არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციები“.
„სააკაშვილის პროპაგანდას და ცილისწამებას ჩვენ ძალადობით და აკრძალვით კი არ ვუპასუხებთ, არამედ – ანალიზით და მოვლენებისათვის სახელის დარქმევით“, – აცხადებს ივანიშვილი, „როდესაც მედია სრულიად თავისუფალია, საზოგადოებასაც და მთავრობასაც აქვთ უფლება, რომ გააკრიტიკონ იგი და ამხილონ კიდეც, თუკი არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეამჩნევენ“.
„სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც“, – ამბობს ივანიშვილი, რომელიც „სიცრუის მანქანად“ ხშირად მოიხსენიებდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომლის საკუთრების თაობაზე დავასაც ამჟამად სააპელაციო სასამართლო განიხილავს, „ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ“.
„წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას ვაბარებთ“, – აცხადებს ივანიშვილი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, „ადრე თეთრსა და შავს შორის ვირჩევდით, დღეს უკვე ბევრი ფერია, გაჩნდა არჩევანის თავისუფლება – ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამიტომ, გაცილებით რთულია მართებული არჩევანის გაკეთება“.
ამ ღია წერილისა და ასევე წინასაარჩევნოდ მოსალოდნელი მისი გააქტიურება, ივანიშვილის თქმით, „იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს“.
„ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკურ პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.