სეპარატისტული აფხაზეთი 10 ივლისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმს გამართავს.
აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განკარგულებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე 1 ივნისს მოაწერა ხელი, რასაც დაახლოებით სამი თვით ადრე წინ უძღოდა ოპოზიციის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის მოთხოვნით პეტიციის წარდგენა.
„ჩვენ შეგვეძლო სადავო გაგვეხადა [პეტიციაზე ოპოზიციის მიერ შეგროვებული] ხელმოწერების სინამდვილე და რეფერენდუმის ჩატარებაზე გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მიგვეღწია“, – განაცხადა ხაჯიმბამ, რომლის მისაღებიც იყო საბოლოო გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარება–არ ჩატარებაზე.
„მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ“, – განაგრძო მან სოხუმში 1 ივნისს საჯარო შეკრებაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, რეფერენდუმის ინიციატორებს სურდათ არა მისი ჩატარებისთვის, არამედ ხელისუფლების მიერ მასზე უარის თქმისთვის მიეღწიათ, „იმ იმედით, რომ ამ უარს სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებდნენ“.
„მე ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამგვარი რეფერენდუმის წინააღმდეგი ვარ, რადგანაც მიმაჩნია, რომ ის საზიანოა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე არსებული რთული გამოწვევების გათვალისწინებით, მესმის რა აფხაზეთის ხალხის კონსოლიდაციის საჭიროება, ასევე ჩემი, როგორც კონსტიტუციის გარანტის პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნო საზოგადოებრივი თანხმობა და სტაბილურობა სახელმწიფოში, მე ვიწვევ რეფერენდუმს“, – განაცხადა ხაჯიმბამ, რომელიც თავადაც რიგგარეშე არჩევნების შედეგად იქნა არჩეული და რომელსაც თავისი უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 2019 წელს ეწურება
„არ მეშინია ხალხის გადაწყვეტილების და დავთანხმდები ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, – დასძინა მან.
რეფერენდუმის კითხვაა: „საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება?“