Site icon Civil.ge

რუსულმა „ინტერ რაომ“ გარდაბნის თბოელექტროსადგური გაყიდა



გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომელიც „ინტერ რაომ“ გაყიდა. ფოტო: „მტკვარი ენერგეტიკის“ ვებგვერდი


რუსულმა სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაომ“ 2 ივნისს განაცხადა, რომ დაასრულა იმ კომპანიის გაყიდვა, რომელიც საქართველოში „მტკვარი ენერგეტიკის“ აქციების 100%–ის მფლობელია, ხოლო ახალი მფლობელი, კომპანიის თქმით, საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმია.  გარიგების თანხა უცნობია.   

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ დამფუძნებელი კომპანიის წილი მასთან დაკავშირებულმა საერთაშორისო კომპანიამ შეიძინა, რომელიც ინვესტორთა კონსორციუმში შედის.

საუბარია გარდაბანში მდებარე თბოსადგურზე „მტკვარი“, რომელიც ორი ენერგობლოკისგან შედგება და რომელთა დადგმული სიმძლავრეც 300 მეგავატია.

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ დაგეგმილია შეძენილი აქტივების გამოყენება, „როგორც არსებული დადგმული სიმძლავრეების შენარჩუნებისთვის, ასევე სამომავლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჩინელ პარტნიორებთან ერთად“.

„ინტერ რაოს“ სტრატეგიის და ინვესტიციების ბლოკის ხელმძღვანელმა, ილნარ მირსიაპოვმა განაცხადა, რომ თბოელექტროსადგურების აქტივების გაყიდვა საქართველოში კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც „ძირითადად რუსეთის ფედერაციაში ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად“. 

თუმცა, მირსიაპოვმა ასევე აღნიშნა: „განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში როგორც ჰიდროენერგიის სეგმენტში, ასევე ელექტროენერგიის განაწილების და გაყიდვის სეგმენტში“. 

„ინტერ რაო“ თელასის აქციების 75.1%–ს ფლობს. დანარჩენი აქციების მფლობელი სახელმწიფო საპარტნიორო ფონდია.

„ინტერ რაო“ საქართველოში ასევე ფლობს ორ ჰიდროელექტროსადგურს – „ხრამი 1“–ს და „ხრამი 2“–ს.

ახალი შესყიდვა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი თბოსადგურების აქტივებს აფართოვებს.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, თავისი შვილობილი კომპანიის „საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის“ მეშვეობით უკვე ფლობს 300 მეგავატი სიმძლავრის გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურს, რომელიც, ასევე გარდაბანში მდებარეობს. 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ტყიბულში ორ მაღაროს ამუშავებს, ასევე ფლობს 13.2 მეგავატი სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურს და რვა მცირე ჰესს, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 49 მეგავატია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)