Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე პრეზიდენტის შენიშვნები გაზიარებულია

პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო კანონპროექტზე, რომელიც სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში დიფერენცირებულად ზრდის, გადაწყვეტილების მიღების არსებულ წესთან შედარებით.

პარლამენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მომზადებული ეს ცვლილებები 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამ კანონპროექტს ვეტო 31 მაისს მას შემდეგ დაადო, რაც ვენეციის კომისიამ დაჩქარებულად მიღებულ წინასწარ მოსაზრებებში გააკრიტიკა დებულებების ის ნაწილი, რომელიც ასევე წარმოადგენს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთების საგანს და რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ კანონპროექტის მიღებას.

შენიშვნებს, რომლებიც პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების შეთანხმებით მომზადდა,  3 ივნისის რიგგარეშე  სხდომაზე მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა არცერთის წინააღმდეგ.  მმართველ კოალიციაში შემავალი  დეპუტატები რესპუბლიკური პარტიიდან, რომელთაც კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტს მხარი არ დაუჭირეს, პრეზიდენტის შენიშვნებს დაეთანხმნენ იმ მოტივით, რომ ის ადრე მიღებულზე უკეთესია.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა კენჭისყრას ბოიკოტის რეჟიმის გამო არ ესწრებოდა. ოპოზიციონერმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ პრეზიდენტის შენიშვნებს, რადგან ის არასაკმარისად აუმჯობესებს  პარლამენტის მიერ მიღებულ ვარიანტს.

მოქმედი ნორმით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს 9-წევრიანი პლენუმის სხდომაზე დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტი, რისთვისაც მინიმუმ 4 წევრის მხარდაჭერა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი, თუ სულ ცოტა 6 მოსამართლე ესწრება სხდომას.
კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმის სულ ცოტა 6 წევრამდე ზრდიდა იმ პირობებში, როცა სხდომაზე პლენუმის სულ ცოტა 7 წევრის დასწრება იყო სავალდებულო.

ვენეციის კომისიამ, რომელმაც კვორუმის გაზრდაში უმცირესობის მიერ გადაწყვეტილებების დაბლოკვის საფრთხეზე მიუთითა, კატეგორიულად ურჩია სულ ცოტა ექვსი ხმით გადაწყვეტილების მიღების დებულების ამოღება.

ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის შენიშვნებში, რომლის თანახმადაც  რიგი საკითხების გადაწყვეტისას კვორუმი დაწეულია კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, თუმცა უფრო მაღალია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების მოქმედი წესი ითვალისწინებს, ხოლო ოთხი ტიპის დავასთან მიმართებაში კვორუმი კვლავ მაღალი რჩება.

პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა გაიზიარა, 9-წევრიანი პლენუმის სხდომას 7 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს, რათა მან სულ ცოტა 6 ხმით მხარი დაუჭიროს ისეთი საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა არჩევნებისა და რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავა; ორგანული კანონების შესაბამისობა კონსტიტუციასთან; პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტი; და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკითხები. 

ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე, გაზიარებული ვარიანტით, პლენუმი გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 5 ხმით იღებს იმ პირობით, რომ სხდომას სულ ცოტა 6 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს. ესეც გაზრდილი კვორუმია არსებულთან შედარებით, სადაც გადაწყვეტილება სულ ცოტა 4 მოსამართლეს შეუძლია მიიღოს, თუ სხდომას 6 წევრი მაინც ესწრება.

გადაწყვეტილების მიღების მაღალკვორუმიან კატეგორიაში ორგანული კანონების შეყვანა გააკრიტიკა კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, როგორც კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმა, რომელიც „ეფექტურობას უკარგავს კონსტიტუციურ კონტროლს“.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა, რომელმაც პარლამენტს პრეზიდენტის შენიშვნები წარუდგინა, მაღალი კვორუმის კატეგორიაში ორგანული კანონების გაყვანა  იმით ახსნა, რომ პარლამენტში მათ  მიღებას ასევე მაღალი კვორუმი ანუ სულ ცოტა 76 ხმა სჭირდება.

კვორუმის საკითხთან ერთად პრეზიდენტის შენიშნები კიდევ ორ საკითხს მოიცავდა, რომლებიც, ძირითადად, შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ერთის თანახმად, მთლიანად ამოღებულია ის ნორმა, რომლითაც თავისი 10–წლიანი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში, მოსამართლეებს ერთმეოდათ ახალ საქმეებში მონაწილეობის მიღების უფლება, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც საარჩევნო დავებს, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იმპიჩმენტს ან საქმეების დასაშვებად ცნობას უკავშირდებოდა.

მესამე შენიშვნა ეხება 4-წევრიანი კოლეგიის ერთი წევრის უფლებას, რომ საქმის პლენუმის მიერ განხილვა მოითხოვოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავდება. ვენეციის კომისიამ ამგვარი უფლებით მხოლოდ ერთი მოსამართლის აღჭურვას არათანმიმდევრული უწოდა და მისი შესწორებისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტის შენიშვნებში მართალია ერთი მოსამართლის ეს უფლება შენარჩუნებულია, თუმცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად დაწეულია გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. კერძოდ, პლენუმი ერთი მოსამართლის მიერ გადამისამართებული საქმის განხილვაზე უარს 5 ხმით ამბობს, ნაცვლად თავდაპირველად გათვალისწინებული 6 ხმისა.

ასევე 5 ხმით გადაწყვეტილების მიღების კატეგორიაში ექცევა სადავო ნორმის შეჩერების საკითხი, რომლის განსჯადობაც ახალი რეგულაციებით პლენუმის ექსკლუზიურ კომპეტენციაში გადადის. ნორმის შეჩერება სადავო საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არის შესაძლებელი.

ნორმის შეჩერების უფლების პლენუმისთვის გადაცემა ასევე გააკრიტიკა კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 3 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტის შენიშვნები „მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულყოფილად ასახავს საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ პრობლემურ საკითხებს, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს“ და „შინაარსობრივად კვლავ ინარჩუნებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის უფლებამოსილების შეზღუდვის, ისე პლენუმის გაზრდილი კვორუმისა და გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესებს“.

კოალიცია, რომელიც ორმოცამდე ორგანიზაციას აერთიანებს, აცხადებს, რომ  კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლის შემთხვევაში, გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოში მის გასაჩივრებას, რათა „თავად სასამართლომ შეაფასოს შეესაბამება თუ არა ახალი რეგულაციები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციით განმტკიცებულ  პრინციპებს“.

კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მარგველაშვილი მოაწერს ხელს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების გასაჩივრების შემთხვევაში, რადგან ის ორგანული კანონის კატეგორიას მიეკუთვნება, გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი კვორუმი ანუ სულ ცოტა 6 მოსამართლის თანხმობა დასჭირდება, ხოლო 5 ხმა იქნება საჭირო სადავო ნორმის შეჩერების გადასაწყვეტად. 

ამჟამინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ერთის გარდა, ყველა წევრი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს არის დანიშნული. მხოლოდ ერთი წევრი, მერაბ ტურავა აირჩია მოქმედმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

მოქმედი 9 მოსამართლიდან, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს 4 წევრს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ეწურება. მოსალოდნელი ოთხი ვაკანტური ადგილიდან კი ორი პრეზიდენტმა უნდა შეავსოს საკუთარი კვოტით, ერთი უზენაესმა სასამართლომ და ერთიც პარლამენტმა აირჩიოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)