Site icon Civil.ge

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაეს სასამართლოს წევრობის კანდიდატებზე კენჭისყრა კვლავ გადაიდო

უზენაესი სასამართლოს წევრებად პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატზე კენჭისყრა ქართული ოცნების უმრავლესობის თხოვნით და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, „შიდა კონსულტაციების“ მიზნით „კიდევ ერთხელ და საბოლოოდ“ გადაიდო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 3 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

„ისინი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაგებით ეკიდებიან იმას, რომ ამ მაღალი კვორუმის მქონე საჭიროების საკითხზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება“, – განაცხადა მან კანდიდატების მისამართით, რომლებიც ესწრებოდნენ სხდომას და რომელთა დამტკიცებასაც 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დღევანდელ სხდომაზე 85 დეპუტატი გატარდა რეგისტრაციაში.  

„იმედია მალე დავასრულებთ ჩვენ ამ პროცესს“, – განაგრძო უსუფაშვილმა, „უზენაეს სასამართლოს სჭირდება მოსამართლეები – ეს ყველამ ვიცით და ამიტომ ვცდილობთ მივაღწიოთ კონსენსუსს“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თებერვალში წარადგინა, ხოლო მარტში კიდევ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა დაასახელა. სამივე კანდიდატთან მიმართებაში საკომიტეტო მოსმენები თითქმის ორი თვის წინ დასრულდა; მას შემდეგ ეს საკითხი პლენარული სხდომების დღის წესრიგში იყო შეტანილი, თუმცა განხილვა მხოლოდ 25 მაისს შედგა, ხოლო კენჭისყრა ამ დრომდე არ გამართულა. 

მაისის დასაწყისში პრეზიდენტს ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატებმა კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებისკენ მოუწოდეს, თუმცა ეს მოწოდება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო, თავად კანდიდატებმა კი „კულუარული გარიგებების“ მოთხოვნა არასწორად შეაფასეს და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 10 მაისს, როცა მთავრობასთან საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდა, მოსამართლეთა კანდიდატურებზე დროული კენჭისყრისკენ მოუწოდა. 1 ივნისს კი, როცა პრეზიდენტმა მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომა მოიწვია, თავის პრესრელიზში საგანგებოდ გაუსვა იმას, რომ განსაზღვრულ დღის წესრიგში უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის კანდიდატურის დამტკიცების საკითხი ფიგურირებდა.