Site icon Civil.ge

კვირიკაშვილმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორშაბათს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ესაუბრა ტელეფონით და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილა, განაცხადა პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ.

სატელეფონო საუბარი იმ ფონზე გაიმართა, როდესაც გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლაზე თანხმობის მიცემისგან თავს იკავებს.
 
„პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ და დასძინა, რომ „ამ და სხვა საკითხებს ქართული და გერმანული მხარეები გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ“; ვიზიტი ამ თვეშია დაგეგმილი.

ბერლინს ასევე ეწვევა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით; ვიზიტი 8–10 ივნისს არის დაგეგმილი.

იმავდროულად, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უთხრა ევროპარლამენტის წევრებს საგარეო საქმეთა კომიტეტიდან სტრასბურგში 6 ივნისს, რომ „უსამართლობა“ იქნება, თუ საქართველოს საკითხი სხვა ქვეყნების ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ დებატებში „ჩაიკარგება“.

ევროკომისიამ ოფიციალური წინადადება შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების მიზნით 9 მარტს წარადგინა.

იმისთვის, რომ ეს რეგულაციები ძალაში შევიდეს, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.

ევროკავშირის ელჩების კომიტეტმა (Coreper), რომელიც ამზადებს საკითხებს ევროკავშირის მინისტრების საბჭოზე განსახილველად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი 1 ივნისს, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე უკვე მეორედ განიხილა, თუმცა შეთანხმებას კვლავაც ვერ მიაღწია.

„როიტერის“ ცნობით, როგორც ბრიუსელში დიპლომატები აცხადებენ, მართალია საქართველომ დააკმაყოფილა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი, გერმანიამ ბოლო მომენტში წინააღმდეგობა გამოხატა და მას საფრანგეთმა და ბელგიამაც დაუჭირეს მხარი.

ბერლინის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიაში მოქმედი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები სახელდება.

თუმცა, „როიტერის“ ინფორმაციით, ზოგიერთი დიპლომატი ბრიუსელში იმასაც ამბობს, რომ გერმანია შესაძლოა თანხმობის მიცემისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ არ სურს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია უკრაინაზე ადრე მოხდეს, რადგან ამან შესაძლოა „კიევში პროდასავლური პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პოზიციები შეასუსტოს“.

ეს საკითხი  6 ივნისს სტრასბურგშიც წამოიჭრა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოვიდა სიტყვით.

„სამწუხაროა, რომ როგორღაც საქართველო თურქეთზე და შესაძლოა უკრაინაზე ჩვენი განხილვების მძევალი გახდა, მაგრამ მგონია, რომ თქვენმა ქვეყანამ ნამდვილად შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა“, – მიმართა ფინელმა ევროპარლამენტარმა ჰეიდი ჰაუტალამ  მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან საქართველოს პრეზიდენტს.

ბევრმა ევროპარლამენტარმა საგარეო საქმეთა კომიტეტიდან, რომლებიც შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართ, ხოლო ერთ–ერთმა მათგანმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია უკრაინასთან, თურქეთთან და კოსოვოსთან შედარებით „ყველაზე ნაკლებად სადავოდ“ დაახასიათა. ევროპარლამენტარმა სლოვაკეთიდან კი განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა თავისი სამუშაო და ახლა ჯერი ევროკავშირზეა.

ამ საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უთხრა ევროპარლამენტარებს, რომ „თამაშის წესები“ დაცული უნდა იყოს და ამ თვალსაზრისით მან ევროკავშირის „მეტი მეტისთვის“ მიდგომა გაიხსენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პარტნიორები, ვინც უფრო წარმატებულია რეფორმების განხორციელებაში, უფრო მეტ სარგებელს უნდა იღებდეს ევროკავშირთან ურთიერთობისგან.

„როდესაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი გავხდით, საქართველოს და სხვა წევრებს მკაფიო გზავნილი გაუგზავნეს, რომ ისინი ‘მეტისთვის მეტს’ მიიღებენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ – არა მხოლოდ მთავრობამ, არამედ საზოგადოებამ – რათა რეფორმები გაგვეტარებინა და [ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული] ყველა მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ ჯილდო საქართველოს რეფორმებისთვის, არამედ ასევე არის გასაკეთებელი ევროკავშირის მიერ საქართველოსთან „პარტნიორობის ფარგლებში“ და საქართველოს საკითხი არ უნდა „დაიკარგოს“ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ დისკუსიებში.

„ეს არ იქნება სამართლიანი; ეს იქნება იმ ძირითადი პრინციპების დარღვევა, რომელთა თაობაზე ერთმანეთის წინაშე ავიღეთ ვალდებულება“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთვის,  ასევე თურქეთისთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის ლუქსემბურგში 10 ივნისს მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. 

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ 10 ივნისის გადაწყვეტილება  საქართველოსთვის არასახარბიელო იქნება.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 7 ივნისს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  არავის მისცა „მიზეზი ეთქვა, რომ რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა“.

„ამიტომაც, ვიყოთ ოპტიმისტები“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

თბილისი იმედოვნებდა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს ამ ზაფხულს დაასრულებდა. ევროპარლამენტის ბოლო სხდომა ზაფხულის არდადეგებამდე 4–7 ივლისს იმართება და 12 სექტემბრამდე აღარ ჩატარდება. მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოს მომდევნო შეხვედრა, რომელიც 10 ივნისის შემდეგ გაიმართება, ოქტომბერშია დაგეგმილი.  
 
ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებას ხელისუფლების „არაეფექტურ“ დიპლომატიურ ძალისხმევას და ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას აბრალებს.

ენმ-ის დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ოპოზიცია აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ევროპაში სკეპტიკოსებისთვის არ მიეცა რაიმე საბაბი პროცესის გაჭიანურებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ ეს მაინც მოხდა, განაცხადა წერეთელმა და ამის მაგალითებად კორცხელის ინციდენტი და „რუსთავი 2“–ის საქმე დაასახელა. ამ საკითხებზე შეშფოთება 6 ივნისს პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დროს ევროპარლამენტარებმაც გამოთქვეს.

სამი კვირის წინ, როდესაც ევროკავშირის მინისტრებმა მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოში  20 მაისს გერმანიის და საფრანგეთის ინიციატივა დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც უვიზო  მიმოსვლის შეჩერება მესამე ქვეყნებისთვის უფრო მარტივი და სწრაფი გახდა, ბელგიის სახელმწიფო მდივანმა თავშესაფრის პოლიტიკის და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკენმა უთხრა ჟურნალისტებს ბრიუსელში, რომ  „ნამდვილად არ იქნება ყველაზე ჭკვიანური“ გადაწყვეტილება, რომ თურქეთს, უკრაინას, საქართველოსა და კოსოვოს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი დაუწესდეს მაშინ, როცა ევროპა მიგრაციასთან დაკავშირებულ „უდიდეს კრიზისს“ განიცდის.

„საზოგადოებრივი აზრი ევროპაში და ასევე ჩემს ქვეყანაში, ბელგიაში ასეთია – ნამდვილად არ არის მარტივი მოცემულ მომენტში, რომ ასიათასობით ადამიანს ვიზალიბერალიზაცია მივცეთ“, – განაცხადა მან. 

როდესაც მას ქართველმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ ქვეყანამ უკვე დააკმაყოფილა ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვისაა საჭირო, ფრანკენმა უპასუხა: „არსებობს კრიტერიუმები და არსებობს შესაფერისი დრო – ეს უკანასკნელი კი პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია“.