ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს მთავრობის ფორმირებისთვის სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნა არ მოუწევს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
7 ივნისს ქართულ ტელევიზიებთან ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ მისი აზრით ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 150–წევრიან პარლამენტში ოქტომბრის არჩევნებზე დაახლოებით 95 ადგილის მოპოვებას შეძლებს.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.
ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის აქტიურ კამპანიას გეგმავს, რათა დაარწმუნოს ელექტორატი, რომ არჩევნებზე პარტია ქართულ ოცნებას მისცეს ხმა, რომელიც მან ოთხი წლის წინ დააფუძნა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას 5%–იანი საარჩევნო "ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება."
„ნაციონალურ მოძრაობას გაუჭირდება, დიდი ალბათობით, ის ვერ შეძლებს ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს, ამის საშუალება ექნება რამდენიმე სხვა პარტიას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამას არჩევნები გადაწყვეტს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ექვსი პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ სულ 85 ადგილი მოიპოვა – 44 პროპორციული და 41 მაჟორიტარული სისტემით. 2014 წელს თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს კოალიცია, ხოლო 2016 წლის გაზაფხულზე დანარჩენმა ხუთმა პარტიამ (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო; რესპუბლიკური პარტია; კონსერვატიული პარტია; ეროვნული ფორუმი და მრეწველები) განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ფრაქცია ქართული ოცნების შემადგენლობაში 47 დეპუტატია.
7 ივნისს ქართულ ტელევიზიებთან ინტერვიუში ივანიშვილმა დაგმო სოფელ კორცხელის ინციდენტი, როდესაც 22 მაისს შუალედურ არჩევნებზე ჩასული ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ქართული ოცნების წევრებმა და მხარდამჭერებმა სცემეს.
„ეს იყო სირცხვილი, რაც იქ მოხდა“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ანალოგიური ინციდენტები აღარ განმეორდეს. მისი თქმით, ამან სერიოზულად დააზიანა ქვეყანა.
„მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროვოკაცია ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მაგრამ ეს არაფრით არ ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას და არაფრით არ ამართლებს იმას, რაც იქ მოხდა“, – დასძინა მან.
კორცხელის ძალადობასთან დაკავშირებით ექვს პირს ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტს ამჟამად ბოიკოტს უცხადებენ. მათ პარლამენტის სხდომათა დარბაზი 25 მაისს დატოვეს და განაცხადეს, რომ სხდომებს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ კორცხელის ძალადობაში მონაწილეები და მისი ორგანიზატორები პასუხს არ აგებენ. ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულად ბრალს სდებს ენერგეტიკის მინისტრს და მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს და აცხადებს, რომ სწორედ ის დგას იმ ჯგუფის უკან, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრებს თავს დაესხა კორცხელში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)