პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალური მონაცემები აშშ დოლარებში 2014-2016 წლებში. *2015, *2016 – წინასწარი მონაცემებია. წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 376.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გასული წლის ბოლო სამ თვეში ამ მაჩვენებელმა 267.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 200 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 58 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 22 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 19 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 19 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა – 17 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 7 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა და დამამუშავებელი მრეწველობა – თითოეულმა 3 მლნ აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა 2016 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 137 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის თურქეთი – 57 მლნ აშშ დოლარით; გაერთიანებულ სამეფო – 44 მლნ აშშ დოლარით; სამხრეთ კორეა – 32 მლნ აშშ დოლარით; ნიდერლანდებში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და ლუქსემბურგში დარეგისტრირებული კომპანიები – 22 მლნ, 12 მლნ და 11 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად; და აშშ – 9 მლნ აშშ დოლარით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)