ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო (ECHR) თავის გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ წარდგენილ საჩივარზე მის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით 14 ივნისს გამოაცხადებს, განაცხადა სტრასბურგის სასამართლომ პარასკევს.
ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტში არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებამდე რამდენიმე თვე პრემიერ–მინისტრი იყო, 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, თუმცა მერაბიშვილი ყველა მათგანს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ქუთაისის სასამართლომ მას 2013 წლის 22 მაისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ოთხი თვის შემდეგ სასამართომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა გათავისუფლების თაობაზე და 2013 წლის 25 სექტემბერს ის ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა შეუფარდეს რამდენიმე დამოუკიდებელ საქმეზე. 2014 წლის თებერვალში მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა ორ დამოუკიდებელ საქმეზე, ცნო რა დამნაშავედ 2012 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დარღვევის თაობაზე წაყენებულ ბრალდებებში. ასევე თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირობებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. 2014 წლის ოქტომბერში მას 3 წლით პატიმრობა შეეფარდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში, მერაბიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე გაურკვეველ სამართლებრივ წესებს ეფუძნებოდა, ვინაიდან არ შეიცავდა მისი დაკავების კონკრეტულ ვადებს; მან ასევე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გონივრული საფუძვლები აკლდა; მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლომ 2013 წლის სექტემბერში არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა გათავისუფლების თაობაზე მისი მოთხოვნის სათანადო სასამართლო განხილვის გარეშე.
თავის საჩივარში მერაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და მისი დაკავება ხელისუფლებამ იმისთვის გამოიყენა, რომ ის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოეშორებინა, რასაც ნაციონალური მოძრაობის დასუსტება მოყვა, ხოლო თავად მან ვეღარ შეძლო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება. მან ასევე განაცხადა, რომ მისი დევნა წინასწარი პატიმრობის დროსაც გრძელდებოდა, როდესაც 2013 წლის დეკემბერში ის, მისი თქმით, გამოიყვანეს საკნიდან, რათა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შეხვედროდა, რომელიც მერაბიშვილმა მის დაშინებაში დაადანაშაულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)