საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოთხშაბათს ბერლინში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 ივნისს გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვდება გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო–გერმანიის ბიზნეს ფორუმი; კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა ფრიდრიხ ებერტის ფონდში და ასევე ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას.
საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად გერმანიაში ასევე იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა; ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი; ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე.