Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%–მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება და ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7%–მდე შეამცირა.

მონეტარულმა კომიტეტმა  შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კვლავაც განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესს, რაც საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას გულისხმობს. ადრე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „ნეიტრალურ“ დონეს 5-6%–ის  ფარგლებში განიხილავს.

მაისში წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 2.1%–მდე შემცირდა აპრილში არსებული 3.2%–დან, რაც ეროვნული ბანკის 2016 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე ბევრად დაბალია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში შემცირდება და დროებით მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. მისი თქმით, ინფლაცია 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის მანძილზე ეტაპობრივად გაიზარდა 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან 8%–მდე გასული წლის ბოლოს. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა. აპრილში კი ის 7.5%–მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 27 ივლისს გაიმართება.