Site icon Civil.ge

მერკელის თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან კოორდინაციაში



გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში 15 ივნისს ოფიციალური დახვედრის ცერემონიის დროს. ფოტო: გერმანიის მთავრობის ადმინისტრაცია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია არ ეწინააღმდეგება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე და იმედოვნებს, რომ შეჩერების მექანიზმთან კოორდინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული.

თუმცა, მან ასევე მიანიშნა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შესაძლოა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას დაუკავშირდეს, რამაც, როგორც თბილისში მიიჩნევენ, შესაძლოა საქართველოსთვის პროცესის შემდგომი გაჭიანურება გამოიწვიოს.

გერმანიის კანცლერმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმ სხვა განხილულ თემებთან ერთად, რომლებზეც ბერლინში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე 15 ივნისს იმსჯელეს.

„ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა კრიტერიუმი. დღეს ლაპარაკია იმაზე როდის მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ“, – განაცხადა მერკელმა თარჯიმნის თანახმად.

„ჩვენ ამ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში, რასაც არ აქვს მაინდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ  ზოგადად ამ საკითხთან. თუკი რაიმე დიდი სირთულეები წარმოიქმნება, მაგალითად რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს ევროკავშირში, როგორც გასულ წელს სერბეთთან დაკავშირებულ შემთხვევაში იყო, ამის გამეორება რადგან არ გვინდა, ჩვენ შეჩერების მექანიზმისაკენ ვისწრაფვით. ეს საკითხი გადაეცა ახლა ევროპარლამენტს განსახილველად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მიიღება გადაწყვეტილება ანუ იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე“, – აღნიშნა მან თავის შესავალ სიტყვაში თარჯიმნის თანახმად.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება ევროკომისიამ დადებითად დეკემბერში შეაფასა, ხოლო ოფიციალური წინადადება საქართველოსთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმების თაობაზე მარტში წარადგინა. ამ საკითხზე მსჯელობამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში გადაინაცვლა – სწორედ ამ ორი ორგანოს თანხმობაა საჭირო გადაწყვეტილებისთვის მისაღებად. ევროპარლამენტი ზაფხულის არდადეგებამდე ბოლო სხდომას 4-7 ივლისს გამართავს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე აღარ შეიკრიბება.

კითხვაზე, თუ როდის უნდა ელოდეს საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას, მერკელმა უპასუხა: „ძალიან გრძელ ვადაზე არ იქნება ლაპარაკი“.

„საუბარია მიმდინარე მოლაპარაკებებზე ევროპარლამენტში“, – განაგრძო მან, „პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს ხელთ შესაძლებელს, რომ განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა. კომისია ამბობს, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციისთვის და რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგა ევროკომისიის ამ რეკომენდაციას და შეჩერების მექანიზმთან კოორდინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული“.

გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შემოთავაზებული ახალი მექანიზმი, რომელსაც ევროკავშირის მინისტრებმა 20 მაისს მხარი დაუჭირეს და რომელსაც ასევე ესაჭიროება ევროპარლამენტის მხარდაჭერა, ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის გამარტივებული პროცედურით შეჩერებას, 6 თვის ნაცვლად, 2 თვეში იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც იზრდება უვიზო პირობების დარღვევის, თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას ან ჩნდება „შიდა უსაფრთხოებისთვის საგრძნობლად გაზრდილი რისკი“.

როდესაც გერმანიის კანცლერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჰკითხეს უკრაინის კონტექსტში, რომელიც ასევე ისწრაფვის შენგენის ზონაში თავისი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მიღებას, მან ორ ქვეყანის დაკავშირებაზე მიუთითა, თუმცა არ უთქვამს, რომ ორი ქვეყანა ერთიდაიგივე ტემპით უნდა წავიდეს წინ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების შეთანხმებებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასევე უკრაინასთან ერთ დროს მოეწერა ხელი [2014 წლის ივნისში]“, – იტყობინება „როიტერი“ მერკელის სიტყვებზე დაყრდნობით.

„არ არის მარტივი ერთ ქვეყანას აუხსნა, თუ როგორი მდგომარეობაა მეორესთან მიმართებაში“, – დასძინა მან, „თუმცა, მესმის, რომ თითოეულ ქვეყანას უნდა, რომ მისი დამსახურებების მიხედვით მოექცნენ“.

„როიტერი“ ასევე იტყობინება ევროკავშირის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ უკრაინამ მიმართა ევროკავშირს, რომ  პირველს საქართველოს არ მიანიჭოს უვიზო მიმოსვლა, რადგან ამან შესაძლოა პროდასავლური პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პოზიცია შეასუსტოს კიევში.

საქართველოს იმედები, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარე ზაფხულში დასრულდებოდა, გერმანიის მიერ ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო შემცირდა.    

ჟურნალისტის კითხვაზე იწვევს თუ არა გერმანიის პოზიცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური იმედების გაცრუებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა: „არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა ჩვენ იმედები“.

„ჩვენ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განვიხილავთ გაცილებით უფრო ფართო და ხანგრძლივ კონტექსტში. ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ასევე ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები მათ შორის როგორც ევროპული პოლიტიკის, ასევე გლობალური პოლიტიკის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

„ამიტომ ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა ჩვენ იმედები. ჩვენ ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოვებს გერმანიას. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც პრინციპში ბუნებრივიც უნდა იყოს“.

„ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ მივაღწევთ აუცილებლად ურთიერთგაგებას ამ პროცესში – საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, საქართველო თვლის, რომ აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, – განაგრძო მან, „ამისთვის საჭიროა ის, რომ  საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, საქართველომ გააფართოვოს პარტნიორობა ნატოს ალიანსთან და ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებლობების ფანჯარა  გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც იქნება საერთაშორისო კონტექსტი მზად ამისათვის“.

„ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიისთვის იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ჩვენს ქვეყანას ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში“, – დასძინა მან.

პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში ხალხთა შორის ურთიერთობების გააქტიურების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეწვია 36 ათასი გერმანელი ვიზიტორი და ტურისტების რაოდენობა გერმანიიდან ყოველწლიურად იზრდება… ჩვენ გვინდა, რომ მეტმა ქართველმა ტურისტმაც მოინახულოს გერმანია, ასევე მეტი ქართველი ბიზნესმენი ეწვიოს გერმანიას“, – განაცხადა მან.

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ევროპაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენი ევროპული დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა. 

„ამისთვის ჩვენ 2013 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ: გავაძლიერეთ ჩვენი როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა ევროპამ თავი იგრძნოს დაცულად მაშინ, როდესაც საუბარია უვიზო მიმოსვლაზე საქართველოდან“, – განაცხადა მან. 

გერმანულ პრესაში დაწერილი იმ სტატიების ფონზე, სადაც ქართველი ემიგრანტები კრიმინალებადაა მოხსენიებული და რაც ბერლინმა ბრიუსელში საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გასამართლებლად გამოიყენა, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „გავაძლიერეთ“ თანამშრომლობა საქართველოს და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, მათ შორის მინისტრების ვიზიტების გაცვლით, „გავაფორმეთ შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობა“.

მისი თქმით, ამ „მაღალი დონის“ თანამშრომლობამ „უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგი გამოიღო“ და კანცლერს შეხვედრაზე „აღვუთქვი, რომ  ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“.

გერმანიის კანცლერმა შეაქო საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობა გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებთან დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.

რაც შეეხება ნატო–საქართველოს თანამშრომლობას, მერკელმა განაცხადა, რომ კარგი გამოსავალი გამოიძებნა თანამშრომლობის არსებითი პაკეტის ფორმით, რომელიც ალიანსმა 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცა. მისი თქმით, ნატოს ვარშავის სამიტზე ივლისში განხილული იქნება, თუ რა დამატებითი შესაძლებლობები შეიძლება შესთავაზონ საქართველოს ამ არსებითი პაკეტის ფარგლებში.

გაიმეორა რა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მერკელი ასევე მიესალმა თბილისის „პრაგმატულ“ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.

15 ივნისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა; მან ასევე თავის ქართველ კოლეგას, დავით უსუფაშვილს 8 ივნისს ბერლინში უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ასევე შეხვდება  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)