პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვებიდან ორი წლის თავზე ვანო მაჭავარიანი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.
ვანო მაჭავარიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ძმაა, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისი მრჩეველი გახდა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თუმცა თანამდებობა, დაახლოებით, შვიდ თვეში, 2014 წლის ივნისში დატოვა.
2015 წლის ნოემბერში მაჭავარიანი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, თუმცა ეს გაერთიანება ჯერ კიდევ მანამდე დატოვა, სანამ ბურჭულაძე თავის ახალ პარტიას შექმნიდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ვანო მაჭავარიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის მეოთხე მოადგილე გახდა, საგარეო ურთიერთობებს გაუწევს კურირებას.