საქართველო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „არაერთი დემოკრატიული რესურსით აღჭურვილი ხვდება, მაგრამ სახეზეა მნიშვნელოვანი, თუმცა გადალახვადი გამოწვევებიც“, განაცხადა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ, რომელმაც ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
აღნიშნა რა, რომ დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის საჭირო კომპონენტები „უმეტესწილად“ სახეზეა, NDI-ის შემფასებელმა მისიამ ასევე გაუსვა ხაზი „სამ მთავარ გამოწვევას“.
„ფართო პოლიტიკური სპექტრის წამყვანი ლიდერები თანხმდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევაზე იქნება დამოკიდებული: შესაძლო ძალადობა და დაშინება; უნდობლობა კანონის მიუკერძოებლად აღსრულებასთან დაკავშირებით; და აღქმა, რომ გარკვეულ პირებს კულისებს მიღმა პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ“, – განაცხადა დელეგაციამ.
ექვსკაციანი დელეგაცია NDI-დან, ორგანიზაციიდან, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარებასა და დემოკრატიის პროგრამებზე 1994 წლიდან მუშაობს, 13–17 ივნისს ქვეყნის ხელმძღვანელობას, მთავრობის წევრებს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
წინასაარჩევნო სიტუაციის შესახებ 17 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, NDI მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ „იყვნენ სამაგალითონი და საარჩევნო პროცესის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარების ამოცანა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ“ და „იმუშავონ პარტიული ინტერესების მიღმა, როცა საქმე ქვეყნის მნიშვნელოვან ინტერესებს ეხება“.
„წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის პრეცედენტის შექმნა განსაკუთრებით კონსტრუქციული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, ქვეყანას კოალიციური მმართველობა დასჭირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
„ქვეყანას აგრესიული და ავტორიტარული მსოფლმხედველობისგან ევრო-ატლანტიკური ღირებულებების დასაცავად უწევს ბრძოლა“, – განაცხადა NDI–ს მისიამ და ამ თვალსაზრისით რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციას გაუსვა ხაზი, რომელიც, მისი თქმით, „სავაჭრო ურთიერთობების, პროპაგანდის, ფულის შემოდინებისა და მუქარის მეშვეობით ზეწოლას ახორციელებს, რათა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას შეუშალოს ხელი“.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხებას მთლიანად რეგიონზე ექნება გავლენა. „შესაბამისად ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა NDI–ის მისიამ.
„საქართველოს მოქალაქეების მაღალი და მზარდი მოლოდინები მათი ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ სრულად არ გამართლდა… მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა აღქმას, რომ არაანგარიშვალდებული ინდივიდები კულისებს მიღმა პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას – გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის საზიანოდ“, – ნათქვამია ანგარიშში.
NDI–ს მისიამ განაცხადა, რომ „ცალკეული ინდივიდები პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა პოზიციიდან საარჩევნო კამპანიას და ფართო პოლიტიკურ გარემოს ბრძოლის ველად წარმოაჩენენ, სადაც თამაშის წესები, შესაძლებელია, უგულებელყოფილი იყოს ან გამოყენებულ იქნას პარტიული უპირატესობის მისაღწევად ან ძველი ანგარიშების გასასწორებლად“.
ანგარიშის თანახმად, დელეგაციის წევრებმა „ძალიან პოზიტიურად შეაფასეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების მომავალზე ორიენტირებული ლიდერების კონსენსუსი, რომ ეს საკითხები სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს და ისინი მზად არიან ითანამშრომლონ პარტიული ინტერესების მიღმა ამ საკითხების მოსაგვარებლად“.
NDI–ს მისიამ განაცხადა, რომ 22 მაისს სამეგრელოს სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებმა სცემეს, „განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ინციდენტი“ იყო.
აღნიშნა რა ის ფაქტი, რომ კორცხელის ძალადობრივი ინციდენტი დაგმეს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ–მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მისიამ ასევე განაცხადა, რომ „მთავრობისა და მმართველი პარტიის ზოგიერთმა თანამდებობის პირმა მწვავე საჯარო განცხადებები გააკეთა, რითაც მოხდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ფაქტების არასწორად წარმოჩენა“.
„ეს არ უწყობს ხელს დაძაბულობის განმუხტვას“, – განაცხადა NDI–ს მისიამ და დასძინა, რომ კორცხელის ძალადობას „სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ნელი და ჯერჯერობით არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა“.
„აღნიშნული შეყოვნებები შედარებულ იქნა სწრაფ და შედეგის მქონე გამოძიებასთან, მათ შორის – წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან, ერთი შეხედვით ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული ოპოზიციის აქტივისტებისა და დემონსტრაციებში მონაწილე პირების მიმართ“, – განაცხადა NDI-ს მისიამ.
კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ექვს პირს წაუყენეს ბრალი დაკავების გარეშე. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც ამჟამად საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში კორცხელის ინციდენტის გამო არიან, აცხადებენ, რომ არ დაესწრებიან პარლამენტის სხდომებს, სანამ კორცხელის ძალადობის ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს პასუხს არ აგებინებენ. ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულად ბრალს სდებს ენერგეტიკის მინისტრს და მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს და აცხადებს, რომ სწორედ ის დგას იმ ჯგუფის უკან, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრებს თავს დაესხა კორცხელში.
„კანონის სამართლიანი და თანმიმდევრული გამოყენების საჭიროება დელეგაციასთან შეხვედრების დროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, ასევე მმართველ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ნდობა, რომ საარჩევნო დავებსა თუ ფიზიკურ დაპირისპირებებზე პოლიცია, პროკურატურა ან სასამართლო დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტურად შეძლებს რეაგირებას“, – ნათქვამია მისიის ანგარიშში.
ამჟამად პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავს, რომელიც, მთავრობის თქმით, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რომ საარჩევნო უბნების გარეთ უკეთ აკონტროლოს სიტუაცია და გაამკაცროს სადამსჯელო ზომები არჩევნებთან და კამპანიასთან დაკავშირებულ ძალადობაზე. თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ პრობლემა არა კანონმდებლობაში, არამედ ხელისუფლების მიერ უკვე არსებული კანონების სათანადოდ გამოყენებაშია.
NDI–ს მისიამ განაცხადა, რომ ეკონომიკის, სიღარიბის და სამუშაო ადგილების შესახებ საუბრები, რაც ასე აწუხებთ ამომრჩევლებს, შესაძლოა კვლავ დაჩრდილოს იმ თემებმა, რომლებიც ნაკლებად აინტერესებთ მოქალაქეებს.
„გაუცხოების ტენდენცია მოქალაქეების ინტერესებსა და საჯარო განხილვების შინაარსს შორის ნათლად აისახა არჩევნების დღეს საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივაში. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, ქორწინება კაცსა და ქალს შორის ერთობად განსაზღვროს. აღნიშნული ზომა კანონმდებლობაში უკვე არსებული ნორმის დუბლირებაა და ზოგიერთი ამას აღიქვამს სავარაუდოდ საზღვარგარეთიდან შთაგონებულ ტაქტიკად, რომელიც არჩევნებზე კონსერვატიული და ულტრა-ნაციონალისტური ამომრჩევლის სეგმენტის აქტივობის გაზრდას ისახავს მიზნად. მოტივის მიუხედავად, ამან შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება გადაატანინოს“, – ნათქვამია მისიის ანგარიშში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესახებ NDI–ის მისიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნდობა გამოხატეს მისი კომპეტენციის და კეთილსინდისიერების მიმართ. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიამ „გამოხატა შეშფოთება საოლქო საარჩევნო კომისიების ზოგიერთი ახალდანიშნული პროფესიული წევრის – რომლებიც უპარტიო პროფესიონალები უნდა იყვნენ – მიუკერძოებლობასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ზოგიერთ მათგანს უახლოეს წარსულში პარტიული როლი ჰქონდა“.
დელეგაციის წევრები იყვნენ პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; სემ კოპერსმიტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; იანუშ ონიშკევიჩი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი; მაიკლ პოზნერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის დირექტორი საქართველოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)