ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შვიდმა მოსამართლემ პარასკევს დაასრულა მოწმეთა დაკითხვა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.
სტრასბურგის სასამართლომ 6–17 ივნისის პერიოდში სულ 33 მოწმეს მოუსმინა, რომელთაგანაც 16 გამოძახებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ, 11 – რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, ხოლო 6 მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო მიწვეული.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაგრძობს საქმის განხილვას“, – განაცხადა სტრასბურგის სასამართლომ პარასკევს.
საქართველომ სასამართლოს განაცხადით 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, ხოლო სრული განაცხადი თანდართული მასალებით წარდგენილ იქნა 2009 წლის 6 თებერვალს, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსი სამხედროები და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სეპარატისტული ძალები განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებს ახორციელებდნენ სამოქალაქო პირების და მათი ქონების წინააღმდეგ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება: სიცოცხლის უფლებას; წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას; ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას; საკუთრების დაცვის უფლებას; განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.
ევროპის სასამართლომ 2011 წლის დეკემბერში საჩივარი დასაშვებად ცნო და ის განსახილველად 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას გადასცა. საქმე დიდ პალატას იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ „საქმე კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აღძრავს“, ან თუ არსებული პრეცედენტიდან გადახვევის რისკი არსებობს.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი.
პირველი საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო, როდესაც ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და რუსეთიდან კოლექტიური გაძევება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)