ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა სამშაბათს, რომ არასაკმარის მიზეზებს ეფუძნებოდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყოფილი უფროსის ზურაბ ჭანკოტაძის გასამართლება, დაახლოებით, ათი წლის წინ.
ზურაბ ჭანკოტაძემ, რომელიც 2013 წლის იანვარში, ციხეში სასჯელის მოხდის შემდეგ გარდაიცვალა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საჩივრით 2005 წელს მიმართა.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზურაბ ჭანკოტაძის წინასწარი პატიმრობა არ იყო კანონიერი 2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის მარტის პერიოდში.
შედეგად, სასამართლოს თქმით, დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლის 1 პუნქტი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და მე–5 მუხლის 1 პუნქტი (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება); სასამართლომ საქართველოს 20 000 ევროს ოდენობის არაფულადი ზიანის და 15 000 ევროს ოდენობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.
მოსარჩელის საჩივარი ასევე მოიცავდა პრეტენზიებს კონვენციის მე–18 მუხლის დარღვევის შესახებ, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლებრივ დევნას და მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას ფარული, შეურაცხმყოფელი მოტივები ქონდა; თუმცა, სასამართლომ სარჩელის ეს ნაწილი დაუშვებლად ცნო, ვინაიდან საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნია.
ჭანკოტაძე, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსი 2002–2004 წლებში იყო, 2004 წლის მარტში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რამდენიმე ეპიზოდში დასდეს ბრალი და 2005 წლის აგვისტოში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ოთხ წლამდე შეუმცირა.
სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ რთულად დასანახი იყო, თუ საერთოდ რატომ ჩაითვალა დანაშაულებრივად ჭანკოტაძის ქმედებები, რისთვისაც ის გაასამართლეს.