ჰოლდინგურმა კომპანია BGEO Group–მა, რომლის შემადგენლობაშიც შედის "საქართველოს ბანკი", განაცხადა, რომ ის თანახმაა შეიძინოს თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგებისა და წყალარინების კომპანიების მფლობელი Georgian Global Utilities Limited–ის დანარჩენი 75%–იანი წილიც.
BGEO, რომელიც უკვე ფლობს Georgian Global Utilities Limited–ის აქციების 25%–ს, თვის განმავლობაში დანარჩენი აქციების შესაძენად 70 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.
BGEO-ს განცხადებით, ამ გარიგების საფუძველზე Georgian Global Utilities-ის მთლიანი ღირებულება 287.5 მილიონ ლარს შეადგენს.
ოფშორში დარეგისტრირებული Georgian Global Utilities Limited წყლით ამარაგებს თბილისს მის მფლობელობაში არსებული კომპანიის Georgian Water and Power–ის მეშვეობით.
Georgian Global Utilities Limited–ი ანალოგიურ მომსახურებას ახორციელებს რუსთავსა და მცხეთაში და ამას გარდა, სამი ჰიდროელექტროსადგურის მფლობელია, რომელთა საერთო სიმძლავრეც 143 მეგავატს შეადგენს.
ჰოლდინგურმა კომპანიამ Georgian Global Utilities Limited–ის აქციების 25% 2014 წლის დეკემბერში 26.25 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
BGEO გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომლის ბიზნესებიც მოიცავს საქართველოს ბანკს; საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს, რომელიც ჰოსპიტალურ ქსელ „ევექსის“ და ასევე, სადაზღვევო კომპანიის მფლობელია; და უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანია M2-ს.
“დარჩენილი 75%-ის შესყიდვა ჯდება ჩვენს სტრატეგიაში შევიძინოთ მიმზიდველი ბიზნესები, რომელთა მონეტიზაცია იქნება შესაძლებელი ექვსი წლის განმავლობაში IPO-ს [ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსებით] ან შერწყმა და შესყიდვის ოპერაციებით", – განაცხადა BGEO ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.