Site icon Civil.ge

საქართველომ და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველომ 27 ივნისს ბერნში ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

შეთანხმებას საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შვეიცარიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის და EFTA–ს მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა ხელი.

EFTA–ს შემადგენლობაში შედიან ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება EFTA–სთან მას შემდეგ შევა ძალაში, რაც დასრულდება ყველა საჭირო შიდა პროცედურა მხარეების მიერ მისი რატიფიკაციისთვის.

EFTA–ის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან მთელ რიგ სფეროებს მოიცავს, მათ შორისაა საქონლით ვაჭრობა – სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო საქონლით, თევზით და სხვა ზღვის პროდუქტებით, ასევე მომსახურებით ვაჭრობა; ინვესტიციები, კონკურენცია; ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა. საქართველოს და  EFTA–ს ერთობლივი კომიტეტი შეთანხმების განხორციელებას გააკონტროლებს. 

EFTA–ის ინფორმაციით, მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ვაჭრობა 2005–2015 წლებში საშუალო წლიური 19%–ით გაიზარდა.  

2015 წელს, EFTA-ს წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის საქონლით ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ 53.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; EFTA–ს ექსპორტმა საქართველოში 49.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს ექსპორტმა EFTA–ში 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

EFTA–ს ძირითად საექსპორტო საქონელს წამლები, თევზი და საათები შეადგენდა, ხოლო საქართველოს ექსპორტს – ტანსაცმელი და თხილი.  

საქართველომ და EFTA–მ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე 2016 წლის თებერვალში მესამე და საბოლოო რაუნდის შემდეგ დაასრულეს.

27–28 ივნისის ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი შვეიცარიის პრეზიდენტს, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრ იოჰან შნაიდერ-ამანს შეხვდება.