საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს 27 ივნისს პრაღაში შეხვდა ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოს დაწყებული ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფარგლებში.
„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ განაგრძონ პრაგმატული კურსი ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზებისკენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ამასთან ერთად, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული არამეგობრული რიტორიკა, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ეწინააღმდეგება ობიექტურად ურთიერთხელსაყრელ პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბ აბაშიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მან 19 მაისს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი დააყენა. სეპარატისტული აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ 23 ივნისს ეჭვმიტანილ აფხაზ მესაზღვრეს რაშიდ კანჯიოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა, ვიდრე საქართველოს მოქალაქის განზრახ მკვლელობის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი დასრულდება.
აბაშიძემ განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „მართლაც არაადეკვატურია“ და დასძინა, რომ ეჭვმიტანილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააკავონ.
შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ზოგადად“ გაიზიარა ის პოზიცია, რომ ეჭვმიტანილი უნდა დააკავონ და გაასამართლონ, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობა კონკრეტული ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ჩადენილი დანაშაულია და „რუსეთის მხარეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
„ეს არის რუსეთის მხარის პასუხისმგებლობაც და ამ პასუხისმგებლობას რუსეთის მხარე ვერ გადააბარებს მთლიანად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას“, – განუცხადა აბაშიძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული იმ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, რომლებიც რუსეთში იხდიდნენ სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით.
„28 ივნისს, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე განთავისუფლდება და იგი სამშობლოში დაბრუნდება“, – განაცხადა მან.
ეს უკვე მეშვიდე საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელსაც 2014 წლის შემდეგ საპატიმროდან გამოუშვებენ. სამი მათგანი, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გრძელვადიან სასჯელს იხდიდნენ, ქართულ მხარეს თვის დასაწყისში გადმოსცეს.
2013 წლის იანვარში საქართველომ ციხეებიდან 190 პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც პარლამენტმა „პოლიტპატიმრებად“ ცნო. მათ შორის იყო რამდენიმე პირი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებულნი, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 27 ივნისის პრაღის შეხვედრის შემდეგ: „ერთობლივმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა ორი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლებაზე შეთანხმება“.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აბაშიძემ აცნობა თავის რუს თანამოსაუბრეს, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე თვის წინ დაასრულა მუშაობა ყველა იმ დოკუმენტზე, რომელთა შექმნაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.
საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ეს შეთანხმება ჯერ არ განხორციელებულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 ივნისის პრაღის შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრესრელიზში ეს საკითხი არ უხსენებია.