Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი: სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე ‘დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა’ საჭირო არ არის

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო გაწვევის გაუქმების თაობაზე მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება მართალია ჯდება ზოგადი პოლიტიკის მიმართულებაში, მაგრამ „ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა“, რასაც „დამატებითი აჟიოტაჟის“ გარეშე მშვიდ სამუშაო რეჟიმში გარკვევა სჭირდება.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 27 ივნისს თავის საანგარიშო პრესკონფერენციაზე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრო წვევამდელების გაწვევას აღარ განახორციელებს. ეს ბრძანება უკვე ძალაშია, როგორც Civil.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ამ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, რომელიც მთლიანად გაწვევის სისტემის გაუქმებას არ ნიშნავს, რადგან თავდაცვის სამინისტროს მიღმა სხვა ძალოვან უწყებებზე არ ვრცელდება, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს კრიტიკა მოყვა, ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი მას „პოპულისტური ნაბიჯი“ უწოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კოლეგიური მსჯელობის შედეგად უნდა ყოფილიყო მიღებული. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებების „გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე“, რადგან ეს თემა არის „მრავალგანზომილებიანი“ და მოიცავს არაერთი სხვა უწყების ჩართულობას,  მათ შორის ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას უწევს ორგანიზებას.

მისი თქმით, მიმართულება, რომ  საქართველოში უნდა გაუქმდეს საყოველთაო გაწვევა, ჯერ კიდევ  მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო შეთანხმებული.

თინა ხიდაშელმა სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება ეფუძნება "თავის დროზე" პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ ვალდებულებას, რომელზეც „მთავრობას ნამსჯელი აქვს და გადაწყვეტილება მიღებული“.   

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, "ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, უნდა იყოს მინიმუმ კარგი ტექნიკური მომზადება, უწყებათა შორის გავლილი. ამაზე იყო საუბარი. მე მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, ჯობია, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად".

მისი თქმით, გადაწყვეტილებას, რომელიც შეიარაღებული ძალების დამატებით კონტიგენტზე უარის თქმას ნიშნავს, მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე მსჯელობა, ასევე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტთან შეთანხმება სჭირდება.

"ვფიქრობ, რომ მთელი ეს ფორმატი, გადაწყვეტილების იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის პროცესში, უნდა იქნას გავლილი“, – განაგრძო მან, „არანაირი სიჩქარე ამ საკითხში საჭირო არ არის“.

შეკითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ ეს თემა თინა ხიდაშელის გათავისუფლების საბაბი გახდეს, პრემიერმა კვირიკაშვილმა, რომელიც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეა, უპასუხა: „ამაზე საერთოდ ზედმეტია დღეს საუბარი“.

"ყველა გადაწყვეტილება, ვიქნებით ერთად, ცალ-ცალკე, თუ როგორ იქნება, მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით“, – დასძინა მან.

გაცილებით მკაცრი იყო პარტია ქართული ოცნების დეპუტატების შეფასებები რესპუბლიკელი მინისტრის მიმართ, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა, ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ თინა ხიდაშელის მხრიდან „პოლიტიკური ეთიკა დაირღვა“. 

„თუკი აპირებს თინა პოლიტიკაში წასვლას და არ აპირებს პარტიული თემებიდან გვერდზე გადგომას, მაშინ გულწრფელად უნდა თქვას, თუ ეს გულწრფელობა ახასიათებს, რომ ეს მიზანია მისი და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ არა და, ვფიქრობ, პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ს.