Site icon Civil.ge

ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პირობა დადო, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გადასახადებს და ბიუროკრატიას შეამცირებს და იმავდროულად, პენსიებს გაზრდის.

თავისი საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში, რომელიც 28 ივნისს გასაჯაროვდა, ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადს არსებული 20%–დან 15%–მდე შეამცირებს, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 10%–მდე დაწევას პირდება.

საარჩევნო პროგრამის თანახმად, ნაციონალური მოძრაობა ასევე დებს პირობას, რომ მოგების გადასახადი 15%–დან 10%–მდე შემცირდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

მაისში პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც მოგების რეინვესტირების ან მისი საერთოდ არ განაწილების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან; ეს სიახლე ძალაში 2017 წლიდან შევა, ხოლო 2019 წლიდან ეს წესი გავრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ლომბარდებზე.

ამჟამად, ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვა 30 000 ლარზე დაბალია, „მიკრო ბიზნესის“ კატეგორიაში გადის და გადასახადისგან თავისუფლდება. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს თავის ეკონომიკურ პროგრამაში, რომ ის ამ ზღვარს 30 000–დან 90 000 ლარამდე გაზრდის, რის შედეგადაც უფრო მეტი ბიზნეს კომპანია გათავისუფლდება გადასახადისგან.

ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვაც 100 000 ლარზე ნაკლებია, „მცირე ბიზნესის“ კატეგორიაში შედის და ის 3–5%–ით იბეგრება. ნაციონალური მოძრაობა ამ ზღვარის 200 000 ლარამდე გაზრდის პირობას დებს.

ნაციონალური მოძრაობის პროგრამის თანახმად, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა, დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან.

ამას გარდა, ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულ საგადასახადო ამნისტიას პირდება; ასევე, პროგრამის თანახმად, 500 000 ლარამდე გაიზრდება (ნაცვლად დღეს არსებული 50 ათასი ლარისა) ზღვარი, როდესაც გადასახადებისგან თავის არიდებისას დავა არა სისხლის სამართლებრივად, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს თავის ეკონომიკურ პროგრამაში, რომ მისი საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„2017 წელს ჩვენ სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯებს  შევამცირებთ სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით“, –აცხადებს ყოფილი სახელისუფლებო პარტია, „ამ ინიციატივების შედეგად მიღწეული ეკონომიკური ზრდა პენსიის ზრდისა და სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების წინაპირობაა“.

ნაციონალურმა მოძრაობამ პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 2016 წლის ნოემბრიდან პენსიებს 50 ლარით გაზრდის.

2016 წლის 1 ივლისიდან მინიმალური პენსია არსებული 160 ლარიდან 180 ლარამდე იზრდება.