საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 29–30 ივნისს პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ესტუმრება.
30 ივნისს იგი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.
„განხილვის თემებს შორის იქნება ორმხრივი ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება, ასევე ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციამ.
ვიზიტამდე ორი კვირით ადრე ბერლინს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობდა, ხოლო სამი კვირით ადრე გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილი ასევე შეხვდება თავის გერმანელ კოლეგას, იოახიმ გაუკს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებთან.
„შეხვედრებზე პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათს.