Site icon Civil.ge

2016 წლის პირველ ნახევარში ვიზიტორთა რაოდენობა 12.9%–ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა

2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 12.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2 636 313-ს მიაღწია,  ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში საზღვრის კვეთის შესახებ.

2.63 მილიონი ვიზიტორიდან 2016 წლის პირველ ნახევარში 1 011 680 „ტურისტი“ იყო, რაც 2015 წლის პირველ ნახევართან შედარებით 18.1%-იანი ზრდაა.

„ტურისტებად“ ის ვიზიტორები არიან კვალიფიცირებულები, რომლებიც საქართველოში შემოდიან და ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩერდებიან.

ტურისტების რაოდენობამ ივნისში 228 866–ს მიაღწია, რაც 15.8%–იანი ზრდაა გასული წლის ივნისთან შედარებით.

ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს 2016 წლის იანვარ–ივნისში მეზობელი სახელმწიფოებიდან ეწვია.

ამ სიას აზერბაიჯანის მოქალაქეები ლიდერობენ 686 102 შემოსვლით საქართველოში, რაც 18.1%-იანი ზრდაა წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით; შემდეგ მოდიან თურქეთის მოქალაქეები – 629 754 შემოსვლით (4%–იანი ზრდა); სომხეთის მოქალაქეები 552 806 შემოსვლით (1.6%–იანი ზრდა); რუსეთის მოქალაქეები – 397 075 (15.9%–იანი ზრდა); უკრაინის მოქალაქეები  – 69 912 (26.5%–იანი კლება).

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სტუმრობა 7.6%-ით გაიზარდა 2016 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 103 090-ს მიაღწია.

ხუთჯერ გაიზარდა ირანის მოქალაქეების შემოსვლების რაოდენობა და 2016 წლის პირველ ნახევარში 37 336 შეადგინა; გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7 465–ს შეადგენდა.

2016 წლის 15 თებერვლიდან საქართველომ  აღადგინა ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდინალური პასპორტის მფლობელები საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე  45 დღემდე ყოფნის უფლებით სარგებლობენ ისე, როგორც ეს იყო 2011 წლიდან, ვიდრე 2013 წლის ივლისიდან საქართველო ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ცალმხრივად გააუქმებდა.

2015 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 5 897 685 შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდა იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)