Site icon Civil.ge

თინა ხიდაშელი აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებულ მემორანდუმზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ წარმოადგენს „ახალ ინსტრუმენტს“ საქართველოს ტერიტორიული დაცვის ღონისძიებების მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას,  დახმარებას ეფექტურ მართვასა და სამხედრო სფეროში ტექნიკური პერსონალის მომზადებაში.

მინისტრმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტს ხელი მოაწერეს 6 ივლისს.

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ეს იურიდიულად სავალდებულო „ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტიპის“ შეთანხმება ერთწლიანი მუშაობის შედეგია და ამ თანამშრომლობისთვის მან მადლობა გადაუხადა თავის ამერიკელ კოლეგას, თავდაცვის მდივანს ეშტონ კარტერს.

„ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონია“, – განაცხადა მან ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციაში.

თუ აქამდე აშშ-ის დახმარების აქცენტი ძირითადად იყო საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული და საქართველოს „ნატოში გაწევრიანების გეგმებთან პირდაპირ მიბმული“, ხიდაშელის თქმით, „დღეს ამის დამატებით, ჩვენ მივიღეთ ახალი შეთანხმება, რომლის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს მიერ საკუთარი ტერიტორიული თავდაცვის მიზნების განხორციელებაში ამერიკული მხარის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი დახმარების მიღება – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ამ მემორანდუმის… არასოდეს ჩვენ ასეთი რამ არ გვქონია“.

მან ის მიმართულებები დაასახელა, თუ რაში იქნება ეს დახმარება გამოხატული.

„2008 წლის აგვისტოს [ომის] შემდეგ ერთგვარი ემბარგო იყო საქართველოზე დაწესებული იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით და ბატონმა სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა ამ შეთანხმების შემდეგ; მეორე ეს არის სამხედრო სფეროში ტექნიკური პერსონალის მომზადება, რაც ასევე დიდი ხანია არ ყოფილა;  მესამე ეს არის სპეციალური პროგრამები, რომელიც სწორედ ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის მიზნით დაიგეგმება ამერიკულ მხარესთან“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი ინფორმაციით, 18-19 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება სამუშაო შეხვედრა ახალი მემორანდუმის ფარგლებში იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელზეც 20 ივლისს აშშ-ის დედაქალაქში ამერიკულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უკვე თავდაცვისა და უსაფრთხოების ჯგუფი იმსჯელებს და სადაც უკვე გაიწერება „კონკრეტული გეგმა“, რომლითაც 2016  წლის ბოლომდე „ჩვენ დავიწყებთ ამ მემორანდუმის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას“.

„ამერიკელები ამ მემორანდუმით იღებენ ჩვენთან ერთად, ერთობლივად პასუხისმგებლობას დაგვეხმარონ ექსკლუზიურად ჩვენი შიდა ამოცანების, შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვაში და შეიარაღებაში“, – განაცხადა მან. 

„საუბარი არის საქართველოს დახმარებაზე ჰაერში, წყალზე და მიწაზე, საუბარია საქართველოს ტერიტორიული დაცვის ამოცანების გადაწყვეტაზე“, – განაგრძო მინისტრმა ხიდაშელმა, „საუბარია ყველაფერზე, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას შეკავების – აი ამ მთავარი პოლიტიკის  – განხორციელებისათვის“.

„ეს ხელშეკრულება არის იმ ამოცანებისთვის, რაც თავდაცვისუნარიანობის გამყარებისთვის დგას დღეს ჩვენს დღის წესრიგში“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ჩვენ ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელსაც ქვია Georgia Readiness Program (საქართველოს მზადყოფნის პროგრამა) და მისი ნაწილი იქნება ეს ყველაფერი“.