Site icon Civil.ge

დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა



ავტომობილები ნაწილობრივ აღდგენილი გზით გადაადგილდებიან დარიალის ხეობაში, ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტის სიახლოვეს, 6 ივლისი, 2016 წელი. ფოტო: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

დარიალის ხეობაში, ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მახლობლად მდებარე გზის მონაკვეთი, რომელიც ორი კვირის წინ ღვარცოფმა დააზიანა, 6 ივლისს  საავტომობილო მოძრაობისთვის ნაწილობრივ გაიხსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

ყაზბეგი–ზემო ლარსი, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტია, რომელიც რუსეთს უკავშირდება, მათ შორის სომხეთიდანაც, 23 ივნისს დაიკეტა, როცა ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, მდინარის მიმართულების შეცვლის შედეგად მოვარდნილმა წყალმა კი გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ დღისითაა დაშვებული და საღამოს 8 საათიდან დილის 5:30 საათამდე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იტყობინება საქართველოს საგზაო დეპარტამენტი.

მისივე ცნობით, ასევე აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს, რომ „ინტენსიური ნალექების შემთხვევაში“ მოძრაობა ისევ აიკრძალება.

23 ივნისს გზის იმ მონაკვეთის ჩაკეტვის შემდეგ, რომელიც ბუნებრივი მოვლენების გამო ხშირად ზიანდება, სომხეთი შეეცადა თბილისთან და მოსკოვთან მოლაპარაკებას საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის გახსნის თაობაზე, რომელიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე გადის, თუმცა რეგიონის სტატუსზე განსხავებული მიდგომების გამო ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი თბილისს ეწვია და 5 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობის საკითხთან ერთად, მხარეებმა ასევე განიხილეს სხვა სატრანზიტო მარშრუტების განვითარება „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, იტყობინებიან საქართველოსა და სომხეთის ოფიციალური უწყებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)